სიახლეები

ნორვეგიელები ტატა მატვეევაზე შეჩერდნენ

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა ტატა მატვეევამ რამდენიმე დღის წინ ნორვეგიის ქალაქ ჰარსტადის საფეხბურთო კლუბთან  Harstad Medkila Il  ხელშეკრულებას  2015 წლის ბოლომდე მოაწერა ხელი. ტატა მატვეევას ახალი გუნდი, ნორვეგიის ქალთა ჩემპიონატის უმაღლეს, „ტოპლიგაში“ ასპარეზობს.

ქართველი ფეხბურთელი ახალი კლუბის შემადგენლობაში პირველ შეხვედრას ხვალ, 25 აგვისტოს გამართავს. ნორვეგიის ქალთა შორის საფეხბურთო თასის მეოთხე რაუნდში, მატვეევას ახალი გუნდი Stabek-ს დაუპირისპირდება. 

„ამ ეტაპზე ხელშეკრულება წლის ბოლომდე გამიფორმეს. სწორედ, ამ დროს სრულდება ნორვეგიაში ქალთა ჩემპიონატი. როგორც ამიხსნეს ამჟამინდელი ხელშეკრულების პერიოდში დამაკვირდებიან და თუ მოვეწონე, მაშინ კონტრაქტს გამიხანგრძლივებენ. თითქმის ერთი კვირაა ნორვეგიაში ვიმყოფები და რასაც ვუყურე, აქაური ჩემპიონატის დონე საკმაოდ მაღალია, თუნდაც თურქულ ჩემპიონატთან შედარებით, სადაც წლებია ვთამაშობდი. ხვალ პირველად მიწევს ახალი გუნდის შემადგენლობაში თამაში. მაკლია ვარჯიშები და ამის გამო ცოტას ვღელავ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახალ გუნდში დებიუტი კარგად ჩაივლის“ – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ტატა მატვეევამ. 

იმ შემთხვევაში, თუკი მატვეევას ახალი კლუბი ხვალ მოახერხებს გამარჯვებას, ისინი ნორვეგიის თასის ფინალურ ეტაპში გადავლენ. ამ კლუბების ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა Stabek-ის მხარესაა. მატვეევას გუნდთან ხვალინდელ მეტოქეებს, 8 შეხვედრიდან რვავე მოგებული აქვთ, ხოლო ბურთების შეფარდება 30:2 არის Stabek-ის სასარგებლოდ. რაც შეეხება ნორვეგიის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატს, იქ გუნდი, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი გადავიდა ჯერ–ჯერობით ბოლო, მე–12 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, ნორვეგიაში გამგზავრებამდე თურქეთის „ქონაქ ბელედიესპორში“ თამაშობდა, რომელიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის ჩემპიონი გახდა ქალთა შორის 2015 წელს.

სფფ–ს პრესსამსახური