სიახლეები

სუპერთასი ვახტანგური გოლით

გაუზიარე
25 აგვისტო. 20:00. "მიხეილ მესხი". 3500 მაყურებელი  

საქართველოს სუპერთასი

დილა (გორი) – დინამო (თბილისი) 0:1

1:0 ჭანტურიშვილი (76) 

დილა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ნავალოვსკი, გვალია (კვირკვია 56), ძარია (ახალკაცი 80), პაპავა, ფალავანდიშვილი, მაშუკოვი (მოდებაძე 73), მარცვალაძე

სათადარიგოები: მუჯრიშვილი; ლომიძე, ნონიკაშვილი, ღონღაძე  

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თევზაძე (გ.გურული 88), ცინცაძე, ჯიღაური, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, იაშვილი (არაბული 90+1), ქვილითაია (კიტეიშვილი 78)

სათადარიგოები: კულუა; ტვილდიანი, ჭელიძე, ჯანელიძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: რენე (35), ნავალოვსკი (35), ჭანტურიშვილი (43), ქარქუზაშვილი (78), ფალავანდიშვილი (81), ჯიღაური (90+2), ცინცაძე (90+4)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

თბილისის დინამომ ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. გორის დილას კი მეორედ ჰქონდა ასეთი მცდელობა, მაგრამ კომპლექტი ვერ შეავსო – ჩემპიონიც არის, თასის მფლობელიც, აი, სუპერთასი კი ჯერ არ ჩაუხუტებიათ.  

გადასარევი თამაში ვნახეთ, ვერ ვიტყვით, თუმცა ქართული გუნდების კვალობაზე  უინტერესო შეხვედრაც არ ყოფილა. დროის უმეტეს მონაკვეთში გია გეგუჩაძის გაწვრთნილები უფრო სწრაფად თამაშობდნენ, უფრო ბევრს კომბინირებდნენ და საბოლოოდ, მოგებამდეც მიიყვანეს საქმე. 

გოლიც კარგი გამოვიდა: 74-ე წუთი იყო, ჯაბა ჯიღაურმა დაფარული პასით საჯარიმოში მოძებნა ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელმაც კარიდან წინ გამოსული მეკარე მოატყუა, პაუზა გააკეთა და შემდეგ კარში ჩაუშვა ბურთი. დაბალი რომ დაერტყა, მცველებს შესაძლოა გამოეტანათ, მაღალ ბურთზე კი ყველა უძლური იყო – 1:0.   

ისე, ჭანტურიშვილს ადრეც გაუტანია სუპერთასზე, კერძოდ, 2012 წელს ზესტაფონის მაისურით – მაშინ იმერლებმა 3:1 მოუგეს გაგრას. 

...პირველი სახიფათო მომენტი მე-8 წუთზე ვიხილეთ: მათე ცინცაძემ საჯარიმო შეასრულა, მეკარე ალექსანდრ შევჩენკომ მოიგერია, თუმცა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიუვიდა ჯაბა ჯიღაურს, რომელმაც ჩააწოდა და გიორგი ქვილითაიამ თავურით კარს გადააცილა. ქვილითაიას გამტყუნებაც რთულია, რადგან მაღალი ბურთი იყო და ვერ მისწვდა. 

საწყის 20 წუთში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ტაიმის შუაწელს კი დინამოელებმა  მოიპოვეს უპირატესობა და დილა ორჯერ გადარჩა: ჯერ შევჩენკომ ძლივს მოიგერია ლაშა პარუნაშვილის შორიდან დარტყმული, ხოლო მერე ალექსანდრე იაშვილმა ჩვეული ტექნიკით მოკლე მანძილზე ჩამოიშორა მცველები, საჯარიმოს მისადგომებიდან ჩახვეული დაარტყა და ოდნავ ააცილა. 

თავის მხრივ, დილასაც შეეძლო გატანა. აქტიურმა გიორგი ნავალოვსკიმ კედელი გაითამაშა ოთარ მარცვალაძესთან და საჯარიმოში შესულმა სუსტად, მაგრამ სიზუსტეზე გათვლით დაარტყა. მცირედი უზუსტობა. ნავალოვსკი პირველ ტაიმში უფრო აქტიური იყო, მეორეში კი შეტევისთვის ვეღარ იცლიდა, რადგან დინამო გააქტიურდა მარჯვენა ფლანგიდან.

ტაიმი ისლამ მაშუკოვის არაზუსტი თავურით დასრულდა. მაშუკოვი უფრო სხვა მომენტში გამოირჩა, როცა მარჯვნიდან მაღალი სისწრაფით გაიჭრა და ვახტანგ ჭანტურიშვილს ისღა დარჩენოდა, მასზე დაჯარიმებულიყო, რის გამოც გაფრთხილებაც მიიღო. ისე, ვერ ვიტყვით, რომ მაშუკოვ-ოთარ მარცვალაძის წყვილი შეთამაშებული იყო – მთლიანობაში, დილას შეტევაში თამაში არ გამოსდიოდა. 

დილას მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ოთხი ისეთი ნახევარმცველი: ლაშა გვალია-გიორგი პაპავა-გუგა ფალავანდიშვილი-ირაკლი ძარია გაამწესა, რომლებიც შავ სამუშაოს კარგად ასრულებენ და ცხადი იყო, მოედნის ცენტრის მოგება სურდა. თუმცა დინამოელთა შუახაზელებიც ბევრს მოძრაობდნენ, პლუს, დინამო ფლანგებსაც უკეთ იყენებდა და აქტიურობდა ალექსანდრე იაშვილიც, რომლის დარი შემტევი დილას ფიზიკურად არ ჰყავს. დაშავებული რომ არ ყოფილიყო, ალბათ, გიორგი ილურიძე გაამწვავებდა გორელთა შეტევებს, თუმცა მატჩს ტრავმის გამო ტოვებდა. 

მეორე ნახევარში თავიდან ფრთხილი თამაში წარიმართა, მოედნის ცენტრში გორავდა ბურთი და გამწვავებას ვერავინ ახერხებდა, ორივე გუნდი, თითქოს რისკსაც ერიდებოდა. მათე ცინცაძის საჯარიმოა გამოსარჩევი, როცა ბურთი ოდნავ ასცდა კარს. დინამოელთა ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაია თითქმის სულ სიღრმეში ჩამოდიოდა და იქ ითხოვდა ბურთს, რადგან საჯარიმოში გორელთა მცველებს ჰყავდათ განეიტრალებული. 

გოლზე უკვე ვთქვით და ყველაფერი ლამაზად გააკეთა ჯიღაური-ჭანტურიშვილის წყვილმა. მალევე, იაშვილმა ახლო კუთხეში მოინდომა გატანა და გარედან მოარტყა ბადეს. 

დილა მაინც არ დარჩენილა შანსის გარეშე. მარცვალაძე, რომელიც საუკეთესო ფორმისგან ჯერ შორსაა და ისედაც, საუკეთესო წლები ალბათ უკან მოიტოვა, ბოლო წუთებში გააქტიურდა. ოთარმა ორი კარგი გარღვევა განახორციელა, ერთხელ კარშიც ზუსტად დაარტყა და მეკარე ბეგაშვილს კინაღამ შეცდომა დააშვებინა...


თუმცა, დილას სხვა შანსს ვგულისხმობთ და ბეგაშვილმა იმ მომენტში მართლაც მშვენივრად ითამაშა: მან რომან ახალკაცის შორიდან დარტყმული მოიგერია და დამატებაზე ირაკლი მოდებაძესაც არ გაატანინა, თუმცა მოდებაძეს მცველებიც ხელს უშლიდნენ და კარგად არ დაარტყმევინეს. ეს 86-ე წუთზე მოხდა, საბოლოოდ, კი დინამომ გამარჯვებამდე მიიყვანა საქმე და ტიტულიც იზეიმა. 

ბოლო წუთებზე მშვენიერი ჟესტი ვიხილეთ დილას გულშემატკივრებისგან, რომლებმაც ალექსანდრე იაშვილი ტაშით გააცილეს, როცა მას ცვლიდნენ. ასეთი შემთხვევები ხშირი როდია... თუმცა დილას ქომაგებმა იციან კარგი ფეხბურთელის ფასი და არა გვგონია, მხოლოდ კარგი ფეხბურთელობა ყოფილიყო მიზეზი: ასაკი და პიროვნული თვისებებიც. იაშვილმა საქართველოს სუპერთასი პირველად 19 წლის წინ მოიპოვა!    

დინამოს სუპერთასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა გია ფირცხალავამ გადასცეს. სიმბოლურია, ორივენი ყოფილი დინამოელები არიან. გუნდთან ერთად იმხიარულეს დინამოელთა ტრავმირებულმა ფეხბურთელებმა: კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ, გიორგი რეხვიაშვილმა, საბა ლობჟანიძემ და მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ. 

ვთქვით, რომ რასაც ველოდით, იმაზე უკეთესი მატჩი გამოვიდა. ჯერ სეზონი არ გახურებულა და რა გასაკვირია, რომ ბევრი წუნი ჰქონდათ გუნდებს, თუმცა ტემპს დუნე არ ეთქმოდა. სეზონის სტარტის ფაქტორი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზეც ახსენეს მწვრთნელებმა. გია გეგუჩაძემ ისიც დაამატა, დილას ჩვენზე გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ჩვენმა ახალგაზრდებმა ყველაფერი გაიღეს მოსაგებად და დამსახურებულადაც იმარჯვესო. 

მწვრთნელების მიმართ იყო შეკითხვა, ჩემპიონატის ფავორიტთა შორის დინამო-დილას გარდა, სხვა კლუბს ვინმეს თუ ხედავენ. ორივემ ერთნაირი პასუხი გასცა: `რთული ჩემპიონატი იქნება და არ მგონია, მხოლოდ დინამოსა და დილას შორის გაირკვეს ჩემპიონი. ალბათ, ოთხი-ხუთი გუნდი იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის~. 

ასე დასრულდა რიგით მე-15 სუპერთასი. მართალია, 11 აგვისტოს დარი ზეიმი არ შემდგარა, მინდორზე ლეო მესი არ ყოფილა, თამაში-თრილერი არ გვინახავს და ცხრა გოლი არ გასულა, მაგრამ რაც ჩვენია, ის უფრო აქტუალური, თავსატკივარი და ყურადსაღებია. 

ილია ნანობაშვილი

ლაშა კუპრაშვილის ფოტოები