სიახლეები

ყენიამ დერბიში იყოჩაღა, ჰუფნაგელმა საგოლე პასი მიითვალა

გაუზიარე

ჩეხეთში, მერვე ტურში პრაღული დერბი გაიმართა და ლევან ყენიას სლავიამ შინ 1:0 მოუგო სპარტას, რომელიც ლიდერი იყო და ლიდერად დარჩა. ყენიამ ამ შეხვედრაში თითქმის სრულად ითამაშა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვალეს. საკმაოდ აქტიური იყო ლევანი და უკვე მე-19 წუთზე შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ოდნავ ააცილა. 

დუშან უჰრინის გაწვრთნილი სლავია მეოთხე ადგილზეა და ლიდერ სპარტას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. 

მეორე ბუნდესლიგაში ფრაიბურგმა შინ 2:0 აჯობა ფრანკფურტს და ცხრილს ლიდერობს. სულ უფრო პროგრესირებს ლუკას ჰუფნაგელი, რომელმაც ძირითადში დაიწყო, 73-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, როგორც იცით, ორმაგ მოქალაქეობას ფლობს – გერმანიისა და საქართველოსი. 

კვიპროსზე ომონიამ სტუმრად აია ნაპას 2:1 აჯობა და უჩა ლობჟანიძე ამჯერად სათადარიგოთა სკამზე იყო, მხოლოდ 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ომონია მეექვსე საფეხურზეა. 

პაფოსი, სადაც ხუთმა ქართველმა ითამაშა, ლიმასოლის აელ-ს 0:0-ზე გაეყარა. როინ კვასხვაძემ, გია გრიგალავამ და ლევან ხმალაძემ შეუცვლელად ითამშეს, ნიკა გელაშვილი 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილმა ბოლო 12 წუთი დაჰყო მინდორზე. სხვათა შორის, კვასხვაძემ ბოლო წუთებზე მასთან პირისპირ გასულ ფელცერს აუღო. პაფოსი 14 გუნდს შორის, მეათე ადგილზეა. 

ალბანეთში ფლამურტარიმ გასვლაზე 0:1 წააგო კუკესისთან. ფლამურტარიში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ფოფხაძემ და ბაჩანა ცხადაძემ. ქართველების გუნდი მეშვიდე ადგილზეა. 

სლოვაკეთში აკაკი ხუბუტიაც შეუცვლელად გაისარჯა ჟილინა-მიხალოვცეს მატჩში (2:0). ხუბუტიას მიხალოვცე ბოლოსწინა პოზიციაზეა. 

თურქეთში, პირველ ლიგაში, კარშიაკამ გაზიანთეფთან 0:1 წააგო და 18 გუნდს შორის მეცამეტეზეა. კარშიაკაში ალეკო ამისულაშვილმა სრულად ითამაშა.  

ქართველები შორეულ ფარერის კუნძულებზეც თამაშობენ. კინოფილმ `ვევრისა~ არ იყოს, როგორ მოხვდი მანდაო... თუმცა იქ კი გააქვთ ჩვენებს. სუდუროიში ორი ქართველი თამაშობს: ნახევარმცველი მამუკა ტორონჯაძე და მცველი ვალერი იობაშვილი. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ თავიანთ გუნდში ლიდერები არიან და გოლებიც ყველაზე ხშირად მათ გააქვთ. ჰოდა, სუდუროიმ გუშინ 5:2 სძლია ფულაფიორდურს და ორივე ქართველმა გაიტანა. 

სუდუროი ბოლოსწინა ადგილზეა, ფარერების უმაღლესი ლიგიდან გასავარდნად აქვს საქმე. სადაურსა სად წაიყვანო, ამაზეა ნათქვამი. 

რუსეთი და უკრაინა: კვირკველიას არ გაუმართლა

ყაზანის რუბინმა შინ 1:2 წააგო ეკატერინბურგის ურალთან. მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა სოლომონ კვირკველიამ და სამწუხაროდ, ავტოგოლი მიითვალა. ეს არ იყო უხეში შეცდომის შედეგად მიღებული ავტოგოლი, გოგნიევი აწვდიდა, ქართველს შემთხვევით მოხვდა ბურთი და მეკარემ რეაქციაც ვეღარ მოასწრო. 

რუბინი მისთვის შეუფერებელ, მე-12 ადგილზეა. 

კრილიამ მოსკოვის დინამოს უმასპინძლა და მატჩი 0:0 დასრულდა. კრილიას განაცხადში იყო გიორგი ლორია, თუმცა არ უთამაშია. ასევე სათადარიგოთა სკამიდან უყურა კრასნოდარ-ტერეკის შეხვედრას (1:1) გროზნოელთა მცველმა თედო გრიგალაშვილმა. 

უკრაინაში ზორია-ოლექსანდრიას მატჩში (1:1) მასპინძელთა ჯაბა ლიპარტიამ ბოლო ნახევარი საათი ითამასა, ხოლო ოლექსანდრიას განაცხადში დავით თარგამაძე არ გამოჩენილა. ეს მცირე ტრავმის გამო. ზორია მეხუთეზეა, ოლექსანდრია – მეათეზე. 

ვოლინმა გასვლაზე 2:0 აჯობა კარპატის. ვოლინელთა შორის სანდრო კობახიძე არ გამოჩენილა, რადგან კვლავ ტრავმა აწუხებს. კუნთი სტკივა და მკურნალობა სჭირდება. კარპატიში კი შეუცვლელად გაისარჯა ბუბა დაუშვილი. დაუშვილის გუნდი მერვე საფეხურზეა, კობახიძისა კი მეოთხეზე. 

ჩერნომორეცი-ვორსკლა 0:0 დასრულდა და ოდესელები ბოლოსწინა ადგილზე დარჩნენ. ჩერნომორეცში გიორგი გადრანმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო დავით ხოჭოლავა დისკვალიფიცირებული იყო. 

ილია ნანობაშვილი