სიახლეები

ვაკეში ლოგიკა დაფიქსირდა

გაუზიარე
25 სექტემბერი. თბილისი. მიხეილ მესხი

ლოკომოტივი-შუქურა 0:0

ლოკომოტივი: მიქავა, ღაღანიძე, გეთიაშვილი, გაბაძე (დუმბაძე 38), უბილავა, თექთურმანიძე (სულთანიშვილი 66), კიკნაძე (გავაშელიშვილი 87), ქიქავა, პაპუაშვილი, დიასამიძე, ქანთარია

სათადარიგოები: კუპატაძე, არდაზიშვილი, ჩიხლაძე, ხიდაშელი

მწვრთნელი: ვასილ მასურაძე

შუქურა: კაკალაძე, გეგეჭკორი, ბაგაევი, ცხოვრებოვი, ჩალაძე, თარხნიშვილი, დოლიძე, შარიქაძე, გუგუჩია (გეწაძე 60), კერძევაძე (ლობჟანიძე 46), ჩელებაძე

სათადარიგოები: დუიოევი, ბაჯელიძე, ტაკიძე, ინგოროყვა, წიქარიძე

მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

გაფრთხილება: დიასამიძე (29), ბაგაევი (31), შარიქაძე (61)

მსაჯი: ჯენერი ხორავა 

მიხეილ მესხზე ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველი ნახევრის განმავლობაში არც მომენტები იქმნებოდა მრავლად და ტემპიც ისეთი იყო, რომ სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან გულშემატკივარს მოსაწყენად ჰქონდა საქმე. მეორე 45 წუთი კი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. მართალია გოლი არ გასულა, მაგრამ თამაში კარგი საყურებელი იყო.

ყველაფერს თავიდან მივყვეთ: მასპინძლებს მალევე შეექმნათ კარგი მომენტი, როცა  დიასამიძის ჩაწოდების შემდეგ გაბაძე ურტყამდა ახლოდან, მაგრამ უხეიროდ გამოუვიდა და თეიმურაზ კაკალაძე უპრობლემოდ დაეუფლა ბურთს.

ტაიმის დარჩენილ დროში სტუმრებს რეალური მომენტი ორჯერ ჰქონდათ. ორივეჯერ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა ილია კერძევაძე, მაგრამ პირველ ჯერზე მისი დარტყმის შემდეგ ბაჩო მიქავამ ბურთი კუთხურზე მოიგერია, მეორედ კი სტუმრები კუთხურსაც ვერ გამორჩნენ. 

პირველ ნახევარში კიდევ აღსანიშნავი ის მოხდა, რომ ვასილ მაისურაძეს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია, დაშავებული გიორგი გაბაძის ნაცვლად,  მოედანზე გიორგი დუმბაძე შევიდა. ლოკომოტივს შემადგენლობის მხრივ არც გაბაძეს ტრავმამდე აკლდა პრობლემები. კვლავ ვერ ეხმარება გუნდს ნიჭიერი საყრდენი დავით სამურკასოვი.

მეორე ტაიმი კი, როგორც ზევით ავღნიშნეთ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა. თავიდან მასპინძლებმა იყოჩაღეს. ჯერ კიკნაძეს აუღო ქობულეთელთა კიპერმა, შემდეგ კი უკვე ქანთარია ურტყამდა ახლო მანძილიდან, თუმცა არაზუსტად. ყველაზე რეალური მომენტი კი შუქურას ცენტრალურ მცველ ალბერტ ცხოვრებოვს შეექმნა, რომელიც კუთხურის შემდეგ, კართან დაახლოებით სამ მეტრში მდგომი ურტყამდა, მაგრამ ამ ეპიზოდში ლოკომოტივი აშკარა გოლისგან მეკარე მიქავამ იხსნა.

73-დან 75-ე წუთამდე კი ზედიზედ სამი საგოლე მომენტი შეიქმნა. ჯერ გიორგი კიკნაძეს  მეკარემ აუღო, ქობულეთელებმა სწრაფად წამოიღეს ბურთი და გეგეჭკორი ურტყამდა ახლოდან. გოლიც აშკარა ჩანდა, თუმცა შუქურას ერთ-ერთ ლიდერს მიზანმა უმტყუნა, დაახლოებით ოც წამში კი კვლავ სტუმართა კართან ვიხილეთ მომენტი. ქანთარია უკვე მოემზადა გამარჯვების გოლის გასატანად, როდესაც მას მცველმა დაასწრო და სიტუაცია განმუხტა. მატჩის ბოლო მომენტი კი სტუმართა აქტივშია: ბაგაევს მაკრატელათი ულამაზესი გოლი გაჰქონდა, მაგრამ ლოკომოტივი ხარიხამ იხსნა.  დამატებაზე კი, მართალია ლობჟანიძემ გაიტანა, მაგრამ თამაშგარეს გამო გოლი გაუქმდა. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ დასრულდა და პრინციპში ყველაზე ლოგიკურიც სწორედ ის იყო, რომ გუნდებს ქულები გაეყოთ. 

მომდევნო ტურში შუქურა ჩელე არენაზე საბურთალოს დაუხვდება. ლოკომოტივს კი თერჯოლის საპოვნელასთან ელის გასვლა.

პაატა ძნელაძე