სიახლეები

საბურთალომ სიონს შტურმში დაუთმო

გაუზიარე
25 სექტემბერი. ბენდელა. 700 მაყურებელი

საბურთალო - სიონი 2:3 

1:0 საბანაძე (14), 1:1 სვანიძე (20), 1:2 ისიანი (55), 1:3 ისიანი (64), 2:3 დვალი (74).

საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი (სოფრომაძე 66), მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი (ბიძინაშვილი 63), გოშთელიანი, ალთუნაშვილი, საბანაძე (კოხრეიძე 71), ფანცულაია, დვალი.

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

სიონი: მერლანი, სვანიძე, ფოფხაძე, შალამბერიძე (საჯაია 62), გოგობერიშვილი, ტატანაშვილი, ჯაფიაშვილი, მანჯგალაძე (ვასაძე 70), გაფრინდაშვილი, ისიანი (კობახიძე 75), რაზმაძე.

მწვრთნელი:  ვარლამ კილასონია

გაფრთხილება: მანჯგალაძე (27), ისიანი (27), მამუჩაშვილი (29), ალთუნაშვილი (81).

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი 

უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა საბურთალომ შინ პირველი მატჩი დათმო. უმეტესწილად ჭაბუკებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მეტწილად გამოცდილი ფეხბურთელებით სავსე სიონთან წააგო. წააგო ბრძოლით და წააგო შტურმით. მასპინძლებმა თამაშის ბოლო მეოთხედში სტუმრებს ფაქტობრივად დაავიწყეს მეორე კარის მისამართი. ბოლნისელებს ბოლოსკენ მეოდნის ცევტრის ხაზის გადაკვეთაც უჭირდათ, მაგრამ...    

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მატჩი პრინციპული იყო, რადგან გუნდები ერთმანეთის მეზობლად იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლნისელები დღემდე დაუმარცხებლად თამაშობენ, როგორც ეროვნულ პირველობაზე, ასევე თასის გათამაშებაზე.

პარასკევის შეხვედრაში მასპინძლებმა გიორგი ხარაიშვილი მოისაკლისეს, რომელიც საბურთალოს იერიშების სულის ჩამდგმელია. მართალია, 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სიონთან თავისიანებს ვერ დაეხმარა, თუმცა კლუბის ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ დანიურ მიდტიულანდთან ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის ფეხბურთელი ჯანმრთელად იყოს.

ბენდელაზე კი მასპინძლებმა მატჩი აგრესიულად დაიწყეს. ანგარიშის გახსნაც მალევე შეეძლოთ ჭიაბრიშვილის შეგირდებს - ჯაბა დვალის აქტიურიბის შემდეგ, ბურთი ჯერ მეკარე მირზა მერლანმა მოიგერია. ორიოდ წუთში ნოდარ იაშვილის ფლანგიდან ჩაწოდებულს იმავ დვალს წამის მეასედი დააკლდა, რომ დასწრებაზე ბურთისთვის ფეხი დაეხვედრებინა და მიმართულება შეეცვალა, თუმცა გოლის სანახავად დიდხანს ლოდინიც არ დაგვჭირვებია: საბურთალოს გამოცდილმა ფორვარდმა დვალმა შორი მანძილიდან დაარტყა, მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო, თუმცა დასწრებაზე ყველას ნიკოლოზ საბანაძემ აჯობა და მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა – 1:0.

ქვემოქართლელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა - დავით სვანიძემ თავით 1:1 გახადა. პირველი ნახევარი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა საწყის 45 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა. მოედნის ყოველ მტკაველზე დაძაბული და თვალსასეირო ორთაბრძოლა მიმდინარეობდა.  

შესვენების შემდეგ სტუმრებმა კვლავ თავით თამაშისას იყოჩაღეს.  თამაში ათი წუთის განახლებული იყო, როცა სიონი ვილი ისიანმა დააწინაურა. რამდენიმე წუთში კი მასპინძელთა მდგომარეობა უფრო დამძიმდა - იმავე ისიანმა საჯარიმოს გარედან მოჭრილი დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და ისე გადაკვეთა კარის ხაზი. მასპინძლებმა ერთი კი გააპროტესტეს, ბურთს ხაზი არ გადაუკვეთავსო, მაგრამ გოლი აშკარა იყო. ეს უკვე სოლიდური ფორა იყო. საბურთალოს მწვრთნელებმა შეცვლებს მიმართეს, რის შემდეგაც გუნდის შეტევები უფრო მოქნილი და მწვავე გახდა. აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები. მასიურმა შეტევებმა კი შედეგიც გამოიღო. მცირე რიკოშეტის შემდეგ, დვალი აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე  და მან მერლანი უშანსოდ დატოვა _ 2:3.

მატჩის ბოლო 25 წუთი მასპინძელთა დომინირებით მიმდინარეობდა. სიონს დაღლა დაეტყო, საბურთალომ კი უფრო და უფრო მოუმატა თამაშის ტემპს. ერთ-ერთ ეპიზოდში ბოლნისლეები აშკარა გაშვებული გოლისგან გამოცდილმა მეკარე მირზა მერლანმა იხსნა, რომელმაც რთულად ასაღები ბურთი მოიგერია. ერთ-ერთ ეპიზოდში კი ბიძინაშვილის დარტყმული, მცირედით ასცდა კარს. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მასპინძლებმა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს... 

მომდევნო შეხვედრას კი საბურთალო უკვე ევროასპარეზზე გამართავს _ 30 სექტემბერს საბურთალო იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაზე დანიურ მიდტიულანდის 19-წლამდელთა გუნდს შეხვდება.

კობა ინასარიძე