სიახლეები

ცხინვალმა იგივე სცენარით მოიგო

გაუზიარე

ტორპედო - ცხინვალი 1:3

26 სექტემბერი. ქუთაისი.  რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი  

ცხინვალი :  ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ბაჩიაშვილი, მახარობლიძე (ბურძენაძე), ქარდავა, ქოჩლაძე (ბეჭვაია), ლექვთაძე (ლობჯანიძე), ივანიშვილი, კაჭარავა

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, ჯიშკარიანი, ცაცკრიალაშვილი

მთავარი მწვრთნელი :კახა კაჭარავა

ტორპედო : თევდორაძე, ტაბატაძე, ოდიკაძე, მამასახლისი, ადამაძე, ჭიჭინაძე, ქიმაძე, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, შინდაგორიძე, კაპანაძე, 

სათადარიგოები: ხაინდრავა, ნერგაძე, გოგუაძე, ხურციძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 1:0 ლექვთაძე(29)2:0; 3:0 კაჭარავა(32, 37),1:3 სიჭინავა(51)

მთავარი მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

ბათუმის დინამოსთან შინ გამარჯვების შემდეგ, ცხინვალმა სტუმრად ქუთაისის ტორპედოც დაამარცხა. კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა წინა მატჩის მსგავსად ტორპედოსთანაც პირველ ტაიმში მოიპოვეს. პირველ ნახევარში სამი უპასუხო გოლის შემდეგ გიორგი დარასელიას ფეხბურთელებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მატჩი ტორპედოს უპირატესობით დაიწყო და საწყის 15 წუთში ბურთს დარასელიას ფეხბურთელები აკონტროლებდნენ. მიუხედავად ამისა, ტორპედოს სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა, ფეხბურთელები ხან ბოლო პასის დროს აგვიანებდნენ, ხანაც მათი დარტყმები იყო უზუსტო.

მე-17 წუთზე ანგარიშის გახსნა ივანიშვილს შეეძლო. ლექვთაძის კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ქარდავამ და ივანიშვილმა გაითამაშეს, ამ უკანასკნელს კი თევდორაძემ აჯობა. სამტრედიის ექს-კიპერმა მიუხედავად იმისა რომ 3 გოლი გაუშვა,  ცხინვალთან ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, სამჯერ პირისპირ ურთულესი ბურთი მოიგერია. ივანიშვილის მომენტის შემდეგ ტორპედომ სახიფათოდ ზედიზედ ორჯერ შეუტია. საჯარიმოს ხაზიდან ახლოს ჯერ კლიმიაშვილი ცდილობდა გატანას, შემდეგ შინდაგორიძე, მაგრამ ერთ შემთხვევაში ბურთი კარს ასცდა, შინდაგორიძეს კი ნადირაძემ აჯობა. 

29-ე  წუთზე ცხინვალმა პირველი გოლი გაიტანა. მარჯვენა ფლანგზე ივანიშვილის კარგი გარღვევის შემდეგ ანგარიში ლექვთაძემ გახსნა. სამ წუთში კი ლექვთაძე საგოლი პასის ავტორიც გახდა, მისი კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავით კაჭარავამ შეაგდო. კაჭარავას დუბლის შესრულება ორ წუთში შეეძლო, თუმცა თევდროაძესთან პირისპირ გასულმა მომენტი ვერ გამოიყენა. 
37-ე წუთზე ნიკამ მეორე გოლი მაინც გაიტანა, ცერცვაძის ჩაწოდების შემდეგ თავით ტორპედოს კაპიტანს აჯობა და თევდორაძეს შანსი არ დაუტოვა. კაჭარავამ ეროვნული ჩემპიონატის 6 ტურში მესამე დუბლი შეასრულა და გიორგი ბერიაშვილთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს. 

მეორე ტაიმში ტორპედო ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა, დარასელიას გუნდს თამაშის გადასარჩენად მინიმუმ სამი ბურთი უნდა გაეტანა. მიუხედავად ამისა, პირველი რეალური საგოლე მომენტი კვლავ ცხინვალმა შექმნა. ივანიშვილის კარგი თამაშისა და პასის შემდეგ მეკარის საჯარიმოში მყოფი ლობჯანიძე ვალდებული იყო გოლი გაეტანა, თუმცა თევდორაძემ ბრწყინვალედ ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ლობჯანიძე მოედანზე ირაკლი ლექვთაძის ნაცვლად შემოვიდა. მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ორთაბრძოლის დროს ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. კაჭარავას იძულებითი ცვლილების გამოყენება მეორე ტაიმის შუაშიც დასჭირდა, როცა ქოჩლაძემ იტკინა ფეხი. მის ნაცვლად მინდროზე ბეჭვაია შემოვიდა. ლობჯანიძის მომენტიდან 4 წუთში კი ტორპედომ ერთი გოლი გაქვითა. საჯარიმო დარტყმით ლამაზი გოლი დათა სიჭინავამ გაიტანა - 1:3.

აღსანიშნავია, რომ სიჭინავამ ნადირაძეს ერთი წლის მანძილზე სამი გუნდის შემადგენლობიდან გაუტანა. გასულ სეზონში სიჭინავამ ცხინვალს ფოთის კოლხეთის რიგებიდან შეუსრულა დუბლი, მეორე წრეში კი სიონის შემადგენლობიდან გაუტანა ჯარიმა. 63-ე წუთზე უკვე თავად ივანიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ თევდორაძემ ამჯერადაც კარგად ითამაშა. 74-ე წუთზე ანგარიშის შემცირება ტორპედოს შეეძლო, შეცვლაზე შემოსული ბაბუნაშვილი სიჭინავას ჩაწოდების შემდეგ მეკარის საჯარიმოდან თავით ურტყამდა, ნახევრად წაქცეულმა ნადირაძემ კი ბაბუნაშვილს ბურთი თავიდან ააცალა და მომენტი განიმუხტა. 

მატჩის მიწურულს სიჭინავას დუბლის შესრულება შორეული დარტყმით შეეძლო, თუმცა ბურთი მაისაშვილს მოხვდა და კარს მცირე მანძილით აცდა. ბოლო მომენტი ისევ ტორპედომ შექმნა. ქიმაძის კარგი ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში კარგად კაპანაძემ ითამაშა, თუმცა ნადირაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და ბურთი ხელებში დაიჭირა. 

უკმაყოფილო იყო სტადიონზე მოსული გულშემატკივარი. მათი ნაწილი დარასელიას წასვლას მოითხოვდა, ნაწილი კი მსაჯზე იყო განაწყენებული. ფაქტია, ტორპედო ვერ აჩვენებს ისეთ შედეგს, როგორსაც მისი გულშემატკივარია მიჩვეული. დარასელიას გუნდი 8 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო ცხინვალი ამ გამარჯვების შემდეგ 12 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. კახა კაჭარავას ფეხბურთელები მომავალ ტურში შინ ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდებიან, ტორპედო კი სტუმრად ჩიხურასთან ითამაშებს.

ოთო მუმლაძე