სიახლეები

კანკავა: უყვითლოდ, მაგრამ მარცხით

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ოქტომბერს გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 11-ში სტუმრად გერმანიას ეთამაშება. კახა ცხადაძის გუნდი დღეს შეიკრიბება, ხოლო სრული შემადგენლობით უკვე ხვალ იქნება. არჩევნების თემამ ქართველი ფეხბურთელები არ უნდა მიგვავიწყოს და მოდით, გადავხედოთ, ლეგიონერებმა როგორ ითამაშეს გასულ პარასკევ-შაბათ-კვირას...

ჯაბა კანკავამ კვლავ შეუცვლელად ითამაშა რეიმსში. მისმა გუნდმა ლიონში 0:1 წააგო და მეშვიდე ადგილზეა. ამ სეზონში რეიმსი პირველად დაშორდა ხუთეულს. ჯაბა საკმაოდ აქტიური იყო და ამჯერად გაფრთხილება აღარ მიუღია: პირიქით, ლიონელ გეზალს მიაღებინა. სხვათა შორის, ლიონელი ალექსანდრ ლაკაზეტი სანამ გოლს გაიტანდა, რამდენიმე წუთით ადრე პენალტი ვერ გაიტანა. ეს პენალტი კი კანკავას ხელით თამაშს მოჰყვა.

ბელგიის პირველ ლიგაში ტუბიცემ 2:1 სძლია ჟილუასს და მეორე ადგილზეა. ტუბიცეს სასტარტოში იყო ლევან შენგელია და 55-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში უკვე 2:1 იყო. 

კვიპროსზე პაფოსმა გასვლაზე 1:1 ითამაშა ნეა სალამისთან და მეათე ადგილზეა. პაფოსში შეუცვლელად გაისარჯნენ როინ კვასხვაძე, გია გრიგალავა და ლევან ხმალაძე, ნიკა გელაშვილმა ტაიმნახევარი გაატარა მინდორზე, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგო იყო და მინდორზე არ შეუყვანიათ. 

ომონია-აპოლონი 0:0 დასრულდა. ომონიაში, რომელიც მეექვსე პოზიციაზეა, უჩა ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა.

ნორვეგიის სტაბეკში გიორგი გოროზიას არ უთამაშია. სტაბეკმა მის გარეშე 4:1 სძლია მიონდალენს (4:1) და მეორე საფეხურზეა. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო. 

რუსულ პრემიერლიგაში მორდოვიამ შინ 0:1 წააგო მოსკოვის სპარტაკთან, რომლის განაცხადშიც ჯანო ანანიძე ვერ იქნებოდა, რადგან გუნდს ვერ გაჰყვა სარანსკში: ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მორდოვიაში კი ნუკრი რევიშვილმა დაკარგა პირველმეკარეობა – ზედიზედ მეორე ტურში არ ათამაშეს. მორდოვიაში არც მამუკა კობახიძე გამოჩენილა. სპარტაკი მეოთხე ადგილზეა, ხოლო მორდოვია ბოლოზე.    

სლოვაკეთში აკაკი ხუბუტიას მიხალოვცემ ლიდერ ტრენჩინთან 0:2 წააგო და ბოლო პოზიციაზეა. ხუბუტიამ 90 წუთი გაატარა მინდორზე. 

თურქეთის პირველ ლიგაში ალეკო ამისულაშვილის კარშიაკამ 2:2 დაასრულა ალანიასფორთან და მე-14 პოზიციაზეა. ამისულაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და ყვითელიც მიიღო. 

აქვე, პარასკევის შეხვედრებზე: შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტრაბზონსფორმა შინ 1:2 წააგო ქონიასფორთან და ცხრილის შუაში, მეცხრე ადგილზეა. კარგად დაიწყო სეზონი შოთას გუნდმა, მაგრამ ბოლო ტურებში აშკარა რეგრესი აქვს, ზედიზედ მესამე მატჩში დამარცხდა. 

რუსეთში კრილიამ ურალთან 1:1 ითამაშა და მერვეზეა. გიორგი ლორია კრილიას სათადარიგოებში იყო. სხვათა შორის, ურალიდან გოლი ზამბიელმა ჩისამბა ლუნგუმ გაიტანა, რომელიც 18 წლის ასაკში ზუგდიდის მგლებში თამაშობდა. მოგვიანებით, ლუნგუ აფრიკის ერთა თასის მფლობელი გახდა.  

პოლონეთში ლადო დვალიშვილის პოგონმა სტუმრად 2:0 აჯობა რუხთან. დვალიშვილმა ტრავმის გამო გამოტოვა შეხვედრა. წინა ტურში დაშავდა. პოგონი მეორე ადგილზეა და ლიდერ პიასტს 6 ქულით ჩამორჩება. 

აზერბაიჯანში აზალ-მა სეზონში პირველი მატჩი მოიგო, კერძოდ, რავანს 1:0 აჯობა. გოლი მე-7 წუთზე ნუგზარ კვირტიამ გაიტანა, რომელიც შარშან ტუნისში გახლდათ და იქაურ ზარზისში გამოდიოდა. აზალ-ში სანდრო გურულმაც ითამაშა, რომელმაც წინა ტურში შეაგდო. აზალ-ი აქამდე აუტსაიდერი იყო, ახლა კი ბოლოდან მეორეზეა. 

ილია ნანობაშვილი