სიახლეები

ვაკომ დაისვენა და გაიტანა

გაუზიარე
ჰოლანდია: არნემის ვიტესმა ჰოლანდიის ერედივიზიონში 5:0 გაანადგურა გრონინგენი.  გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. კაშიამ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა. ვაკოს გოლმა 65-ე წუთზე 3:0 გახადა ანგარიში. როგორც იცით, ვაკოს წინა მატჩი ტრავმის გამო გაუცდა და საბედნიეროდ, მალევე ჩადგა მწყობრში.   ვიტესი მეექვსე ადგილზეა და ლიდერ პსვ-ს 5 ქულით ჩამორჩება.

გერმანია: მეორე ბუნდესლიგაში ფრაიბურგმა 1:1 დაასრულა კარლსრუესთან გასვლაზე და მეორე ადგილზეა, თუმცა ბოხუმს მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. ფრაიბურგში ლუკას ჰუფნაგელი 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე. 

იტალია: ემპოლიმ 1:0 მოუგო სასუოლოს, თუმცა ლევან მჭედლიძე საქმეში არ ყოფილა. სამწუხაროა, რომ მჭედლიძე გიბრალტართან და გერმანიასთან სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.

ჩეხეთი: პრაღის სლავიამ თანაქალაქელ დუკლასთან 1;1 ითამაშა და მეხუთე ადგილზეა. ლევან ყენია განაცხადში არ ყოფილა, რადგან ფეხი იტკინა. 

აზერბაიჯანი: ბაქოს ინტერმა შინ 0:2 წააგო ყარაბაღთან და მესამე ადგილზეა. ალიაქოთი იყო ბოლო წუთებში. გიორგი ლომაია 88-ე წუთზე გააძევეს, ზაურ სვანაძის გუნდს სამივე შეცვლა გაკეთებული ჰქონდა და კარში ნიკა კვეკვესკირი ჩადგა. ამ დროს ანგარიში 0:1 იყო, დამატებულ წუთებში კი ზურაბ ხიზანიშვილიც გააძევეს. „ხიზანამ“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯს. ცხრა კაცით დარჩენილმა ინტერმა მეორე გოლიც გაუშვა, კვეკვესკირს აურებელი დაურტყეს.    

ალბანეთი: ფლამურტარიმ 7:0 სძლია პუკას. ერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ შეაგდო, რომლისთვისაც ეს მეორე გოლი იყო სეზონში. ბაჩანამ და გიორგი ფოფხაძემაც შეუცვლელად ითამაშეს ფლამურტარიში, რომელიც მეექვსე პოზიციაზეა.   

ფინეთი: ირაკლი სირბილაძის კუპსმა შინ 2:0 მოუგო იაროს. სირბილაძემ 87-ე წუთამდე ითამაშა, საგოლე პასიც გააკეთა. კუპსი მეშვიდე ადგილზეა. 

კვიპროსი: ანორთოსისი შინ მოულოდნელად ფრეს დასჯერდა აია ნაპასთან - 2:2. გიორგი აბურჯანია სასტარტოში იყო და 64-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ირაკლი მაისურაძემ ბოლო 17 წუთი გაატარა მინდორზე. აბურჯანიამ პირველი გოლის მომენტში დაიწყო შეტევა და საერთოდაც, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ანორთოსისი მეორე ადგილზეა. 

საბერძნეთი: ვერიამ სტუმრად 1:0 აჯობა კალონის და მეექვსე საფეხურზეა. ვერიაში გიორგი მერებაშვილმა 57-ე წუთიდან ითამაშა. ჯერჯერობით, ქართველი გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. 

რუსეთი: სოლომონ კვირკველიას რუბინმა ისევ ვერ იყოჩაღა, ამჯერად ტერეკთან 1:2 წააგო და ბოლოდან მეოთხე ადგილზეა (მე-13). კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო ტერეკის სათადარიგოებში იყო თედო გრიგალაშვილი. ტერეკი გაცილებით მაღლაა ცხრილში - მეშვიდეზე.  

ილია ნანობაშვილი