სიახლეები

კახა ცხადაძემ და გიორგი ჭანტურიამ გუშინდელი მატჩი შეაფასეს

გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წელი ტირანაში ჩატარებული შეხვედრით დაასრულა. კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით გამართულ მეათე მატჩში ჩვენი გუნდი რეიტინგის 36-ე ნაკრებთან მატჩის ბოლო წუთამდე იგებდა, თუმცა შეხვედრის უმოკლეს პერიოდში ორი ბურთი გაუშვა და საბოლოოდ 2:2 დაფიქსირდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი გოლის ავტორმა გიორგი ჭანტურიამ ალბანეთთან გამართული შეხვედრა შეაფასა:

“ესტონეთთან თამაშის შემდეგ მობილიზება რთული იყო. ესტონეთში ცუდად ვითამაშეთ, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოსამზადებლად კი, სამი დღე გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ალბანეთთან მატჩს ფსიქოლოგიურად მომზადებული შევხვედროდით. ამ მატჩში ყველა ფეხბურთელმა გააკეთა ის, რაც შეეძლო. ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, 2:0- ვიგებდით და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. მსაჯობაც არ იყო იდეალური, მაგრამ მიუხედავად ამისა დღევანდელი თამაშით ვისიამოვნე და ვფიქრობ ჩვენს ნაკრებს მომავალი აქვს.”

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალბანეთთან შეხვედრის შემდეგ ტალინისა და ტირანას მატჩები შეაჯამა.

კახა ცხადაძე: ესტონეთთან წაგებული მატჩის შემდეგ სერიოზული დასკვნები გავაკეთეთ. ვფიქრობ ალბანეთთან მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ფეხბურთელებმა კარგად გაიაზრეს რა პრობლემები და შეცდომებიც გვქონდა წინა მატჩში.

ალბანეთთან ორი გოლი გავიტანეთ, გარდა ამისა ორი რეალური მომენტი გვქონდა. ერთ მომენტში ჭანტურიამ ბურთი ძელს მოარტყა. ცუდია, რომ ბოლოს ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ამაში თავისი წვლილი მსაჯებმაც შეიტანეს. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს ასე ჩანდა.

დასანანი გოლები გავუშვით და ამ მომენტებში დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებსა და პოზიტიურ მომენტებს მაქსიმალურად სწორ ანალიზსს  გავუკეთებთ და ვეცდებით შესარჩევ ციკლს მომზადებულები შევხვდეთ. ფაქტია, ისეთ გუნდთან, რომელიც პორტუგალიის, დანიისა და სერბეთის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა თამაში ფაქტიურად მოგებული გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ითვლება, ამ ორ ამხანაგურ მატჩში გვაკლდა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სელექციაზე, რადგან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ეროვნული ნაკრების დონეს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუთხარი, მათ ძალაინ ბევრი შრომა მოუწევთ. ისინი ამიტომ წამოვიყვანე შეკრებაზე, რომ თავად დაენახათ განსხვავება 21 წლამდე ნაკრებსა და ეროვნულ გუნდს შორის. განსხვავებული ტემპი, აზროვნება და სისწრაფეებია 21 წლამდე ნაკრებსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ და მათ აუცილებლად დავაკვირდებით”.

სფფ-ის პრესსამსახური, ტირანა, ალბანეთი