სიახლეები

სფფ-ის 25-ე რიგგარეშე ყრილობაზე ახალი აღმასკომი აირჩიეს [ვიდეო]

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

18 ნოემბერს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 25-ე რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. ყრილობის მთავარი მიზანი ახალი აღმასრულებელი კომიტეტის არჩევა იყო. 

ყრილობა სფფ-ის პრეზიდენტმა გახსნა, დელეგატებმა და სხვა დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, თენგიზ ფერსელიძის ხსოვნას. 18 ნოემბერი ქართულ ფეხბურთში დიდი გამარჯვების დღეა, ზუსტად ამ დღეს 1964 წელს თბილისის დინამომ პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. ამ ფაქტთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილმა ვეტერან დინამოელებს, ილია დათუნაშვილსა და ვლადიმერ ბარქაიას, საჩუქრები გადასცა. 

ამის შემდეგ ყრილობის რეგლამენტის თანახმად არჩეულ იქნა ხმის დამთვლელი კომისია. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უეფას სპეციალურმა წარმომადგენელმა - ჟაკ ბონდალემ. მის შემდეგ სიტყვით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გამოვიდა. მან ფეხბურთის განვითარების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. საგანგებო მოხსენებით წარსდგა სფფ-ის პრეზიდენტი, რომელმაც სიტყვის დასაწყისში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს საჯაროდ მიულოცა ელიტ რაუნდში გასვლა. ლევან კობიაშვილმა არსებულ ვითარებასა და ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად ფედერაციის წინაშე დგას. მან ყრილობას სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომელიც აღმასრულებელ კომიტეტს, ვიცე პრეზიდენტებსა და სხვა სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება. 

ყრილობაზე მეორე საკითხად სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა. ეს ცვლილებები ერთხმად დამტკიცდა და შესაბამისად აღმასკომის შემადგენლობა 11 ადამიანით განისაზღვრა. საბოლოო ჯამში, ფარული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა აღმასრულებელი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით აირჩიეს : 

1. ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

2. ალექსანდრე იაშვილი - საქართველოს ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი

3. ნიკა ჯღარკავა - ეზოს ფეხბურთის ასოციაცია 

4. აკაკი ალადაშვილი - საქართველოს ფუტსალის ასოციაცია 

5. კახა ჭუმბურიძე - თბილისის ფეხბურთის ფედერაცია

6. ბესიკ ჩიხრაძე - ს.კ გაგრა

7. რომან ფიფია - ს.კ დინამო თბილისი 

8. თენგიზ სულაქველიძე - საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი

9. ნინო სორდია - ქალთა ფეხბურთის ფედერაცია 

10. ილია ინჯია - ს.კ მარტვილის მერანი

11. გოჩა ჯამარაული - ს.კ მეტალურგი რუსთავი

ალექსანდრე იაშვილი პირველი მოქმედი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც აღმასრულებელ კომიტეტში აირჩიეს. ასეთი პრეცენდენტი ქართულ ფეხბურთში არ ყოფილა, მაგრამ ეს ევროპულ ფეხბურთში არა ერთხელ მომხდარა. ახლად არჩეული აღმასკომი უახლოეს მომავალში შეიკრიბება და ვიცე-პრეზიდენტებსაც დაასახელებს.
 

 


სფფ-ის პრესსამსახური