სიახლეები

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი „იბერია სტარმა“ მოიგო

გაუზიარე

5-9 აგვისტოს, ზუგდიდმა ქალთა შორის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატში, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პატრონაჟით ჩატარდა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შვიდი გუნდი მონაწილეობდა - სამეგრელო, აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, თბილისი და შიდა ქართლი.

ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. საბოლოოდ, ფინალურ მატჩში ერთმანეთს თბილისის „იბერია სტარი“ და იმერეთის (ქუთაისის) გუნდი დაუპირისპირდნენ. თბილისელებმა მატჩის ძირითადი დრო 4:1 მოიგეს და ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. მესამე საპრიზო ადგილი ხაშურის „ივერიამ“ დაიკავა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში სამეგრელოს გუნდი დაამარცხა.

გამარჯვებულსა და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ.

ტურნირის ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს სპეციალურ ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები:

ჩემპიონატის ბომბარდირი - ლელა ჭიჭინაძე, 8 გოლი („იბერია სტარი“, თბილისი)

საუკეთესო მეკარე - ლია გონგლაძე („ივერია“, ხაშური)

საუკეთესო მცველი - თეონა ბაქრაძე (სამეგრელო)

ჩემპიონატის აღმოჩენა - სალომე გასვიანი (ქუთაისი)

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ლანა გორგაძე („ქუთაისი“)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქალთა ფეხბურთის ასოციაცია, შემოდგომაზე თასის გათამაშების ჩატარებასაც გეგმავენ.  

სფფ-ის პრესსამსახური