სიახლეები

U21 საქართველო – უკრაინა: 1:1 მატჩებში, 2:2 გოლებში

გაუზიარე

ბელეკში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური შეხვედრაც უკრაინელ თანატოლებთან გამართა (შეგახსენებთ, უკრაინელებთან პირველი მატჩი ქართველების გამარჯვებით დასრულდა _ 2:1). ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე ჩივაძეს რამდენიმე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. პირველ დაპირისპირებაში სანდოხაძემ კუნთი გაიჭიმა და მისი ადგილი გურეშიძემ დაიკავა. ასევე ტრიბუნიდან მოუწია თამაშისთვის თვალის დევნება ლობჟანიძეს, რომელსაც ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი, არადა, წინა შეხვედრაში იგი, ცინცაძესთან ერთად, ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ უკრაინელთა კარში ორივე გოლი მან გაიტანა. იძულებითი ცვლილებების გარდა, ჩივაძემ კორექტივები ძირითად შემადგენლობაშიც შეიტანა. სასტარტოში გამოჩდნენ მეკარე თებიძე, ცნობილაძე და დარციმელია. 

პირველი სახიფათო მომენტი უკრინელთა კართან მე-20 წუთზე შეიქმნა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მცველებმა მოიგერიეს, ცინცაძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა, თუმცა ბურთს მეკარე დაეუფლა. საბოლოოდ, ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში პირველი იერიში ქართველებმა განახორციელეს, აბურჯანია ცდილობდა საშუალო დისტანციიდნ გატანას, მაგრამ ბურთს მეკარე მარჯვედ დაუხვდა. ამ ეპიზოდს უკრაინელთა სწრაფი იერიში მოჰყვა და ანგარიშიც გაიხსნა. გაშვებული გოლის შემდეგ ჩივაძის ფეხბურთელები გააქტიურდნენ და 69-ე წუთზე კაკაბაძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა დარციმელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული კაჭარავა ბურთს ვერ შეწვდა. შეხვედრის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე ქართველებმა ორი სახიფათო იერიში განახორციელეს, თუმცა ჯერ აბურჯანიას დარტყმულმა ვერ მიაღწია მიზანს, შემდეგ კი ცნობილაძისა. 

მთლიანობაში, პირველი მატჩისგან განსხვავებით, მეორე შედარებით უინტერესო გამოდგა. თანაბარი ორთაბრძოლა უკრაინელთა გამარჯვებით დასრულდა _ 1:0. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები მაისში ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩივაძის გუნდი ივნისში შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს სან მარინოს ნაკრებთან გამართავს. 

პირველი შეხვედრის მსგავსად, მეორე მატჩსაც სრული შემდგენლობით დაესწრო თურქულ შეკრებაზე მყოფი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები. გიორგი დევდარიანის გუნდი ელიტრაუნდისთვის სამზადისს შეუდგა და მზადების პირველ ეტაპს ბელეკში გადის. ამ შეკრების თაობაზე ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი დევდარიანს ვესაუბრეთ.

რამდენად კმაყოფილი ხართ შეკრებით, აქაური პირობებით?

უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. ნაკრებთაან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის დიდი სიხარულია, ამ გრძნობას კი აძლიერებს გუნდში არსებული პოზიტიური ატმოსფერო. პირობებიც მშვენიერია და კვებაც. სავარჯიშო მინდორსაც არაფერი დაეწუნება და, რაც მთავარია, ვარჯიშის შემდეგ აღდგენითი პროცესისთვის ყველა ის პირობაა შექმნილი, რომელიც სანაკრებო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. 

ძირითადად რა მიმართულებით მუშაობთ ფეხბურთელებთან, რაზე აკეთებთ აქცენტებს?

განსაკუთრებულს ჯერ ვერაფერს ვიტყვი. ვმუშაობთ ყველა კომპონენტზე და აქცენტს ვაკეთებთ სტანდარტულებზეც. თურქეთში გამომგზავრებამდე ერთი დღით ადრე ჩვენი ჩემპიონატის ტური იყო, ამიტომ შეკრების პირველი დღე აღდგენას დავუთმეთ, მეორე დღიდან კი ტაქტიკური მონახაზების განხორციელება დავიწყეთ.

ეს თურქული შეკრება თქვენთვის რაიმე განსაკუთრებულ მიზანს ისახავს?

განსაკუთრებულ მიზანს ნამდვილად არ ისახავს. ჩვენი მთავარი ამოცანა ფეხბურთელთა კონდიციების, სათამაშო ფორმისა და ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებაა. ძირითადად იმ ახალ ფეხბურთელებს უნდა დავაკვირდეთ, რომლებმაც ეროვნულ ჩემპიონატში თავი გამოიჩინეს და მწვრთნელებისგან კარგი შეფასება დაიმსახურეს. ეს შეკრება მოსამზადებელი პერიოდის ერთ-ერთი ეტაპია და არავის აქვს იმის ილუზია, რომ მხოლოდ ამ ერთი შეკრებით იმდენად გავიუმჯობესებთ კონდიციებს, რომ მაისამდე საკმარისი იქნება. უშუალოდ ელიტრაუნდის წინ განსაკუთრებული გარჯა და თავდადება გვმართებს.

რამდენად კმაყოფილი ხართ ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციებით?

ამას თამაში გვიჩვენებს, თუმცა, ერთი შეხედვით, ყველა კარგად გამოიყურება. მთავარია, როგორ წარმოაჩენენ თავს თამაშის დროს, რაც საუკეთესო ტესტია ფიზიკური კონდიციების შესამოწმებლად. იმედი მაქვს, თითოეული ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაში შეხვდება მოახლოებულ ელიტრაუნდს, მათ შორის, მოხევიშვილიც, რომელმაც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ახლახან დაიწყო ვარჯიში და ჯერ შორსაა ჩვეული ფორმისგან, თუმცა მაისამდე დიდი დროა და მჯერა, რომ ოპტიმალურ ფორმას აღიდგენს.

ძირითადად რომელ პოზიციებზეა კონკურენცია?

კონკურენცია ყველა პოზიციაზეა, განსაკუთრებით კი თავდასხმაში, მით უმეტეს, თუ ჭანტურიასა და ზარანდიას ფაქტორს გავითვალისწინებთ. დიდი კონკურენციაა მეკარეებშიც. გოშაძემ უკრაინელებთან პირველი შეხვედრა შთამბეჭდავად ჩაატარა, ასევე ოპტიმალურ ფორმაშია ქურდძე, რაც იტალიელებთან თამაშითაც დაადასტურა. კუპატაძეც ძალიან სწრაფად პროგრესირებს, რაც იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ კარგი შესაძლებლობა აქვს, მაღალი დონის მეკარედ ჩამოყალიბდეს. მინდა, მადლობა ვუთხრა მეკარეების მწვრთნელს ლევან ჭულუხაძეს, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა ამ ბიჭებთან. ასევე თემურ ჩარკვიანს და ირაკლი ბალაძეს. 

ნაკრების უახლოესი გეგმები როგორია? 

აპრილში კიდევ ერთი შეკრება გვექნება კიევში, სადაც ორ საკონტროლო მატჩს გავმართავთ უკრაინის ნაკრებთან. კარგი იქნებოდა, ელიტრაუნდის წინ ისეთ გუნდებთან მოგვესინჯა ძალა, რომლებიც იმასთან მიახლოებულ ფეხბურთს თამაშობენ, როგორსაც ესპანეთი და პორტუგალია თამაშობენ. ევროპაში ასეთი ნაკრები ბევრი არ არის, თუმცა ბელგია და ჰოლანდია ის გუნდები არიან, რომლებიც დაახლოებით მსგავსად თამაშობენ, ანუ სწრაფი მოკლე გადაცემები და შეტევა. სამწუხაროდ, ორივე ნაკრებს უკვე დაგეგმილი ჰქონდა თამაშები და ამიტომ ვერ მოხერხდა მათთან ამხანაგური მატჩების გამართვა. რეალურად კი, ჩვენი ამხანაგური შეხვედრების სცენარი რადიკალურად განსხვავებული იქნება ელიტრაუნდზე ჩვენი თამაშისგან. 

აქვე ჩვენს ეროვნულ ნაკრებზეც ვიტყვი: შემადგენლობიდან გამომდინარე ჩანს, რომ კახა ცხადაძეს საკუთარი ხედვა და მიზანი აქვს და მინდა, წარმატება ვუსურვო მას და მთელ გუნდს. ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა მთავარი მიზანიც ის არის, რომ ეროვნულ გუნდს საფეხბურთო თვალსაზრისით სწორად აღზრდილი და სათანადოდ მომზადებული შევსება მიაწოდონ. მოხარული ვარ, როცა ეროვნული ნაკრების მაისურით იმ ფეხბურთელებს ვხედავ, ვისთანაც წლების მანძილზე მიმუშავია.