სიახლეები

გიბრალტარის ისტორია შოტლანდიასთან შოტლანდიელმა დააწერინა

გაუზიარე

შოტლანდია-გიბრალტარი 6:1

29 მარტი. გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“. 50 000 მაყურებელი

1:0 მელონი (18. პენ.), 1:1  კაშიარო (20), 2:1 ფლეტჩერი (29), 3:1 მელონი (34. პენ.), 4:1 ნეისმიტი (39), 5:1 ფლეტჩერი (77),
6:1 ფლეტჩერი (90)

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, მარტინი, რობერტსონი, მელონი, ბრაუნი, მორისონი, რიჩი (გრირი 74), ანია (ბანანი 74), ს. ფლეტჩერი, ნეისმიტი (როუდსი 68)

მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი

გიბრალტარი: რობა, არტელი (გარსია 53), უილსმენი, ჯ. ჩიპოლინა, რ. ჩიპოლინა (გოსლინგი 74), რ. კაშიარო, უოლკერი, პაიასი, ბარდონი (დუარტე 82), პრისტლი, ლ. კაშიარო

მწვრთნელი: დევიდ უილსონი

მსაჯი: მატიას გესტრანიუსი (ფინეთი)

ლი კაშიარო – ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც გიბრალტარული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. აქამდე ამ ქვეყანის ეროვნულ ნაკრებს ოფიციალურ მატჩებში გოლი არ ჰქონდა გატანილი და ეს ღირსშესანიშნავი ამბავი გლაზგოს `ჰემპდენ პარკზე~ მოხდა. საბედნიეროდ, გიბრალტარელებმა ამ ისტორიული ბურთის გატანა საქართველოს ნაკრების კარში ვერ შეძლეს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შეძლეს, მაგრამ მაშინ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
კაშიარომ დაწინაურებულ შოტლანდიელებს გაუთანაბრა, მაგრამ გიბრალტარელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა და მასპინძლებმა სტუმრებს პირველივე ტაიმში ნათლად დაანახეს, რომ სენსაციის იმედი არ უნდა ჰქონოდათ და ოდენ ისტორიულ წარმატებას დასჯერებოდნენ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისური სანდერლენდის ცენტრფორვარდი სტივენ ფლეტჩერია, რომელიც ჰეთთრიქით გამოირჩა და შონ მელონის მისთვის პენალტების დარტყმის უფლება რომ გადაელოცა, დიდი ალბათობით, საგოლე მონაგარსაც გაიმდიდრებდა. სტუმართა შორის მეკარე ჯეიმი რობა გამოირჩეოდა, რომელმაც თავისი გუნდი რამდენიმე გოლისგან იხსნა.
ჩვენს ჯგუფში კვლავაც გამორჩეული დაძაბულობაა, შოტლანდია კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.
გიბრალტარის ნაკრების ახალი თავკაცის, დევიდ უილსონის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. სხვათა შორის, უილსონი შოტლანდიელია.

ლევან ჯანეზაშვილი