სიახლეები

სათავეში ისევ პოლონეთია

გაუზიარე

ირლანდია-პოლონეთი 1:1

29 მარტი. დუბლინი. „ავივა“. 55 000 მაყურებელი

0:1 პეშკო (26), 1:1 ლონგი (90)

ირლანდია: გივენი, ოშიი, კოულმენი, უილსონი, მაკგიდი (მაკკლინი 68), ველანი (ლონგი 83), ჰულალანი, მაკკარტი, კინი, უოლტერსი, ბრედი

მწვრთნელი: მარტინ ონილი

პოლონეთი: ფაბიანსკი, ვავრჟინიაკი, შუკალა, გლიკი, ოლკოვსკი, იოდლოვიეცი, რიბუსი, პეშკო (კუხარჩიკი 87), კრიხოვიაკი, ლევანდოვსკი, მილიკი (მილა 83)

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გაფრთხილება: ჰულალანი (25), ოში (32), კოულმენი (45), გლიკი (50), შუკალა (60), უილსონი (71), მაკკარტი (86), პეშკო (86)

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

ირლანდია-პოლონეთი მხოლოდ ჩვენი ჯგუფის კი არა, მთლიანად ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი იყო. ორივე გუნდი საფრანგეთში გამგზავრების რეალური კანდიდატია და არც ის არის გამორიცხული, რომელიმე მათგანი შესარჩევი ტურნირის ფინიშზე ჯგუფის სათავეში ვიხილოთ.
პოლონელები დუბლინის `ავივა სთედიუმამდე~ დაუმარცხებლად მივიდნენ და იქ სერია გაიხანგრძლივეს კიდეც. ადამ ნავალკას გუნდი სამ ქულასთანაც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე შეინ ლონგმა `სამყურებს~ ქულა გადაურჩინა. როგორც შეხვედრის ოქმიდან ხედავთ, ლონგი მოედანზე სულ რამდენიმე წუთის შესული იყო.
უნდა გავიხსენოთ, რომ ირლანდიელებმა ქულა გერმანელებსაც მატჩის მიწურულს გამოჰგლიჯეს ხელიდან, მაგრამ ის თამაში გერმანიაში გაიმართა და ფრეც მარტინ ონილის გუნდის აქტივში ჩაიწერა, დუბლინური დაპირისპირების შედეგი კი, ბოლოსკენ დაკარგული გამარჯვების მიუხედავად, მაინც პოლონელთა წისქვილზე უფრო ასხამს წყალს. გარდა იმისა, რომ პოლონეთმა ამ შედეგით ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნა, წინ შედარებით იოლი კალენდარი ელის – მართალია, გერმანიასა და შოტლანდიაში ჩასვლა მოუწევს, სამაგიეროდ, მიიღებს საქართველოსა და გიბრალტარს, ბოლო ტურში კი ამავე ირლანდიას დაუხვდება.
საკვალიფიკაციო ტურნირის საშემოდგომო ეტაპის შემდეგ მეკარე ორივე გუნდმა შეცვალა – ირლანდიის კარში უბერებელი შეი გივენი იდგა, რომელმაც პირველი ნომრის სტატუსი დევიდ ფორდს წაართვა. ვოიცეხ შჩესნიმ კი, რომლის პირველნომრობაც ცოტა ხნის წინ ეჭვს არ იწვევდა,  არსენალის სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლების შემდეგ, პოლონეთის ნაკრებშიც იგივე ბედი გაიზიარა.
ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც გამარჯვებას იმსახურებდნენ, მაგრამ გარკვეულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები ფლობდნენ. სტუმრები კი სლავომირ პეშკომ დააწინაურა, რომელმაც ირლანდიელთა საჯარიმოში შეტევის მარჯვენა ფლანგიდან შეაღწია და გივენს მახვილი კუთხიდან გაუტანა – დარტყმა აშკარად არ იყო აუღებელი.
მეორე ტაიმში გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა ჯონათან უოლტერსს, რომლის თავურიც ფაბიანსკიმ ძელის დახმარებით მოიგერია. მატჩის ბოლოს ონილის გუნდმა მეტოქეს ნამდვილი შტურმი მოუწყო, კუთხურს სტუმართა საჯარიმოში ქაოსი მოჰყვა, რითაც ლონგმა ისარგებლა და პოლონეთს ორიოდე მეტრიდან გაუტანა.

ლევან ჯანეზაშვილი


1. პოლონეთი 5 3 2 0 16-3 11
2. გერმანია 5 3 1 1 9-4 10
3. შოტლანდია 5 3 1 1 11-5 10
4. ირლანდია 5 2 2 1 11-4 8
5. საქართველო 5 1 0 4 4-9 3
6. გიბრალტარი 5 0 0 5 1-27 0

13 ივნისი
პოლონეთი-საქართველო
ირლანდია-შოტლანდია
გიბრალტარი-გერმანია