სიახლეები

საქართველო-გერმანია - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გაუზიარე

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველი საქართველოს ნაკრების დამრიგებელი კახა ცხადაძე მოვიდა, შემდეგ კი ჟურნალისტების წინაშე გერმანელთა მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მათს ჰუმელსი წარსდგნენ. 

ცხადაძე: ვულოცავ გერმანიის ნაკრებს გამარჯვებას და შემდგომ წარმატებას ვუსურვებ. პირველ ტაიმში ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოგვიწია. ამისულაშვილი თამაშის დასაწყისშივე გახდა შესაცვლელი, ოქრიაშვილმა კი შესვენების შემდეგ ვეღარ შესძლო თამაშის გაგრძელება. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ, როდესაც მეტოქეს ბურთს ვართმევდით, მერე შენარჩუნება გვიჭირდა. მეორე ტაიმში მდგომარეობა გამოვასწორეთ, ბურთსაც ვინარჩუნებდით და სახიფათო მომენტებიც შევქმენით. ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია ფეხბურთის თამაში, ჯობია, ფეხბურთი ითამაშო და წააგო, ვიდრე ანტიფეხბურთით წააგო.

ჩვენს თამაშში რა პლუსები იყო?

ვფიქრობ, მეორე ტაიმში იყო პოზიტივი. მართალია, რამდენიმე მომენტი შევქმენით, მაგრამ, ბოლო პასი იქნებოდა თუ დამაგვირგვინებელი დარტყმა, ამის გაკეთებისას ჩვენებს საკუთარი თავის რწმენა აკლდათ და ეს რწმენა აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ ჩვენს ფეხბურთელებს. რწმენა კი იმიტომ აქვთ დაკარგული, რომ ბოლო პერიოდში ლანძღვის მეტი არაფერი მოუსმენიათ. მე ვხედავ ამ ნაკრებში პოტენციალს და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს.

მეორე ტაიმში ნაკრები წინ წაიწია. შესვენებაზე მიეცით ასეთი მითითება თუ ანგარიშიდან გამომდინარე გერმანელებმა მოგვცეს ამის საშუალება?

პირველ ტაიმში გრძელ გადაცემებს ვაკეთებდით და ასეთ სიტუაციაში ბურთის დაჭერა გვიჭირდა, მეორე ტაიმში კი ეს გამოვასწორეთ და მცველებს უკვე პასით ამოჰქონდათ ბურთი. შედეგად, უფრო მეტ დროს ვატარებდით მეტოქის ნახევარზე.

ლაშა დვალის თამაშზე რას იტყვით?

ფანტასტიკურად შევიდა თამაშში და მისით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.

მჭედლიძეზე რას იტყვით და სხვა ფორვარდის გამოცდას თუ აპირებთ?

მჭედლიძეს ძირითადად ორ მცველთან უწევდა ბრძოლა, საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და მისი თამაშითაც კმაყოფილი ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა, გვყავს სხვა ფორვარდები, რომლებსაც შანსი აუცილებლად მიეცემათ.

ლიოვი: პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ. სრულად ვდომინერებდით და ორი გოლი გავიტანეთ. მართალია, მეორე ნახევარშიც ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს, მაგრამ რამდენჯერმე მეტოქესაც შეექმნა კარგი მომენტი, თუმცა მთავარია, რომ მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.

ჰუმელსი: მთელი შეხვედრის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით და თამაშიც ჩვენ მიგვყავდა. საქართველოს ნაკრებს ერთხელ კუთხურიდან შეეძლო გატანა, მეტი შანსი არ შექმნიათ.

მარკო როისზე რას იტყვით?

ლიოვი: ის მშვენივრად ფლობს სივრცეს და კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა. დღეს როისის თამაშით კმაყოფილი ვარ.

შეგიძლიათ შეადაროთ 1995 წლისა და დღევანდელი გერმანიის ნაკრებები?

ლიოვი: არა, არ შემიძლია.

2:0 საკმარისი იყო თქვენი ამბიციების დასაკმაყოფილებლად?

ჰუმელსი: კარგი იქნებოდა, მესამე გოლიც გაგვეტანა, მაგრამ მთავარი იყო, მოგვეგო, ასე რომ, უკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს.

ჩვენ ვიხილეთ ორი გოლი და სტადიონზე შევარდნილი შვიდი გულშემატკივარი.

ლიოვი: ეს ძალიან ცუდია, რადგან ხელს გვიშლის კონცენტრაციაში, გარდა ამისა, სახიფათოა ფეხბურთელებისთვის.

ჰუმელსი:
მე არ მესმის იმ ფეხბურთელების, რომლებიც ასეთ ადამიანებს მაისურებს ჩუქნიან და მსგავსის გაკეთების სტიმულს აძლევენ. პირიქით, ასეთი ხალხი უნდა დაისაჯოს, რათა სხვებმა ასეთი რამ აღარ ჩაიდინონ.

ბასტიან შვაინშტაიგერის თამაშით კმაყოფილი ხართ?

ლიოვი: როგორც ყოველთვის, კარგად ითამაშა. ის ნამდვილი კაპიტანია და მოედნის ცენტრში ტონი კროოსთან და სამირ ხედირასთან ერთად საიმედო დასაყრდენს ქმნის.

რა იყო გერმანიის ნაკრების ძირითადი მახასიათებელი დღევანდელ შეხვედრაში?

ლიოვი: ჩვენი პლუსი ყოველთვის არის მოქნილობა და ასე იყო ამჯერადაც. მეტოქე კონცენტრირებული იყო იმაზე, რაც შეიძლება ცოტა გოლი გაეშვა და ამის გამო შედარებით ნერვული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ, როგორც ვთქვი, მთავარია, მოვიგეთ და სამი ქულა შევიმატეთ.

ჰუმელსი: როგორც მცველი, ვალდებული ვარ, 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყო და ამ შეხვედრაშიც ვცადე, მობილიზაცია წამითაც არ დამეკარგა. მცველების საქმე ხომ ისაა, რომ მეტოქეს გოლი არ გავატანინოთ და რადგან გოლი არ გავუშვით, კმაყოფილი ვარ.

საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზე რას იტყვით?

ლიოვი: ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში კი იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც გყავთ ნაკრებში. მეტს ვერაფერს გეტყვით.

პაატა ძნელაძე