სიახლეები

ლაშა ჯაკობია: საქართველოში იმედი ახალგაზრდებზე მყარდება

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ამჟამად ფოთის კოლხეთის სპორტულმა დირექტორმა ლაშა ჯაკობიამ უკრაინულ Matchday-სთან ვრცელ ინტერვიუში ქართულ ფეხბურთზეც ისაუბრა და გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან. შეგახსენებთ, ჯაკობია საფეხბურთო მენეჯერიცაა და გასულ ზაფხულს ლუკა კიკაბიძე მისი მეშვეობით მოხვდა ფრანგულ ბასტიაში: 

ჯაკობიას ჰკითხეს, ხომ არაა მოსალოდნელი, კოლხეთში უკრაინელი მწვრთნელი მიიწვიოს თავისი კავშირებით: 

"ბევრ უკრაინელ მწვრთნელს ვიცნობ, მაგრამ მირონ მარკევიჩი, ალექსანდრ სევიდოვი ან ალექსანდრ ზავაროვი ფოთში არ წამოვლენ. შესაძლოა, ჩამოვიდეს ისეთი სპეციალისტი, რომელსაც ჯერ ნახსენებთა დონისთვის არ მიუღწევია და თავის გამოჩენა სურს. კოლხეთში ახალგაზრდა, პერსპექტიული მწვრთნელი გვყავს, ზაზა ინაშვილი. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ნორმალურად მუშაობს და უკმაყოფილონი არ ვართ. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ზამთარში ხუთი-ექვსი ახალი ფეხბურთელი მოვიწვიეთ, რომლებიც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ირიცხებიან. ვცდილობთ, ისეთი გუნდის შექმნას, რომელიც ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს". 

იყო კითხვა, რატომ თამაშობს ასე ცოტა ქართველი ფეხბურთელი ევროპაში იმ დროს, როცა საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ტალანტებით. ასევე, ჯაკობიას ქართული და უკრაინული ფეხბურთი შეადარებინეს: 

"უპირველესად უნდა ითქვას ის, რომ უკრაინის ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონისაა, ვიდრე საქართველოსი. სისწრაფის მიხედვით, უკრაინის პრემიერლიგა ევროპულ სტანდარტებზეა. გაცილებით ათლეტურიცაა. საქართველოს რაც შეეხება, ბოლო ექვს-შვიდ წელიწადში ჩავარდნა იყო, რაც თაობათა ცვლამ გამოიწვია. ბოლოს უკვე ვეღარ წამოვიდა ვარსკვლავური თაობა. სამაგიეროდ, ახლა გამოჩნდა კარგი ახალგაზრდობა, 21-წლამდელები, 19-წლამდელები. ძალიან ნიჭიერები არიან, ექვსი თუ შვიდი მათგანი უკვე ევროპაში თამაშობს. ქართული ფეხბურთი მათზე ამყარებს მთელ იმედებს. დღესდღეობით საქართველოს ნაკრების ლიდერი ჯაბა კანკავაა, აი, სამომავლოდ კი ახალგაზრდების იმედი გვაქვს. ყველა ველით, როდის გადავლენ დიდ ფეხბურთში და დაეხმარებიან ეროვნულ ნაკრებს" - ასეთი იყო ჯაკობიას პასუხი. 

თავად ლაშაც რომ დიდი ტალანტი იყო, ამას თქმა რად უნდა. იყო დრო, როცა ფრანგულმა პსჟ-მ გადაიყვანა, შემდგომში კი ტრავმებმა დაწია უკან და თავისი ნიჭის შესაბამისი ფეხბურთი ვერ ითამაშა. 

ილია ნანობაშვილი