სიახლეები

მიხეილ აშვეთია: ეს უკვე ჩვენს თამაშს ჰგავს

გაუზიარე

არის თამაშები, როცა წაგებისას იტყვი, თავს ზემოთ ძალა არღარ იყოო. გერმანიის ნაკრებმა გუშინწინ თბილისში ისეთი ფეხბურთი აჩვენა, როგორიც არცერთი სტუმარისგან არ გვახსოვს. არ გვახსოვს არც 1995 წლის გერმანიისგან და არც 2012 წლის ესპანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხა" იმ დროს მსოფლიოში დომინირებდა. 

საერთო აზრით, საქართველოს ნაკრების თამაშში დადებითი ასპექტები გამოჩნდა. ამ შეხედულებას იზიარებს ნაკრების ყოფილი ფორვარდი მიხეილ აშვეთიაც. უკვე ვწერდით, რომ აშვეთია მწვრთნელობას აპირებს და ლიცენზიის კურსებს გადის. 

გერმანიასთან ჩვენების თამაში მომეწონა. გარდა იმისა, რომ ბიჭები ძალიან მონდომებულები იყვნენ და არცერთ მათგანს თავი არ დაუზოგავს, თამაშშიც დადებითი ელემენტები გამოჩნდა. მეტი სითამამე იგრძნობოდა, გუნდი მხოლოდ დაცვაზე და გოლის არგაშვებაზე არ ფიქრობდა. 

სამმცველიან სისტემაზე რას იტყვი, რამდენად კარგად იმუშავა ბოლო ორ შეხვედრაში?

მომეწონა და თუ ნაკრები მომდევნო მატჩებსაც ამ სქემით ითამაშებს, ურიგო არ იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ოთხმცველიანი სქემაც შეიძლება, გააჩნია, რომელი ფეხბურთელი როგორ იქნება მომზადებული. 

მწვრთნელის ხელი რამდენად ეტყობოდა გუნდს? 

აშკარად ეტყობოდა. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ცხადაძეს გერმანიასთან მატჩამდე ერთი კვირაც კი არ ჰქონდა მოსამზადებლად. დრო ცოტა იყო და მიუხედავად ამისა, გუნდს გუნდურობა ეტყობოდა. მალტასთანაც კარგი თამაში იყო, ნაკრები მწვავედ მოქმედებდა, თუმცა რეალიზაციას დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. აი, თავიდან რომ გაგვეტანა, ალბათ, დიდი ანგარიშით მოვიგებდით. აღვნიშნავდი ჯაბა კანკავას როლს, რომელიც ჩაშლის გარდა, შეტევისთვისაც იცლიდა. ზოგადად, ქართული ფეხბურთი მხოლოდ დაცვაზე არ უნდა იყოს აწყობილი, შეტევაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და კარგია, რომ ეს ტენდენცია ახლავე გამოჩნდა.   

დებიუტანტების თამაშზე რას იტყვი? 

ლაშა დვალი ძალიან მომეწონა. 19 წლის ფეხბურთელმა ასე აუღელვებლად ითამაშო გერმანიასთან, ცოტას არ ნიშნავს. კარგი იყო ლევან ყენიაც, რომელსაც დიდი ხანია, ნაკრებში არ ეთამაშა. ყენია მალტასთან გამოირჩეოდა და გერმანიასთანაც ცუდად არ შესულა. მომეწონა გიორგი ნავალოვსკიც, აქტიური იყო მარცხენა ფლანგზე.

გერმანელთაგან საუკეთესოდ ვის მიიჩნევ?

მარკო როისს. ასევე, ტონი კროოსს. თუმცა, ყველამ მაგრად ითამაშა, შთამბეჭდავი გუნდი ვნახეთ. 

ილია ნანობაშვილი