სიახლეები

მჯერა ამ ნაკრების

გაუზიარე
გია გეგუჩაძე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია და ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მისი მოსაზრება საქრთველოსა და გერმანიის ნაკრებთა შეხვედრაზე.

კარგად მესმის, რომ მსოფლიო ჩემპიონებს ვეთამაშებოდით, თანაც, კახა ცხადაძისთვის ეს მხოლოდ პირველი ოფიციალური თამაში იყო და ამ ეტაპზე კრიტიკულები არ უნდა ვიყოთ, თუმცა მეტის მოლოდინი მქონდა. მეტად უნდა გვეცადა დაცვიდან პასით ამოსვლა და არა ბურთის მოგერიება, აუცილებელი იყო ბურთის დაჭერა და კონტრშეტევებზე აქცენტის გაკეთება, თუმცა, ვიმეორებ, ეს პირველი ოფიციალური თამაში იყო ახალი მწვრთნელისთვის და მე ამ ნაკრების პოტენციალის მჯერა.  

სწორედ დაცვიდან პასით ამოსვლაზე და ბურთის დაჭერაზე გააკეთა აქცენტი პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ და მეორე ტაიმში ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალა.

საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები მეორე ტაიმში, პირველი ნახევარი 0:0 რომ დასრულებულიყო. შესაძლოა, გერმანელებს უფრო მძლავრად შემოეტიათ. მეორე ტაიმში კი მართლაც ვცდილობდით ბურთის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნებას და დაცვიდან მაღალმა გადაცემებმაც იკლო, ეს კი უკვე პოზიტივია. ვინაიდან ახალი გუნდის შენება იწყება, ჩემი აზრით, გერმანიასთან შეხვედრა და მომავალი თამაშებიც მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც სწორედ ამ მზნით _ ახალი გუნდის ასაშენებლად უნდა გამოიყენონ, კარგად გაიაზრონ შეცდომები და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები.

მალტასთან შეხვედრისას, ანგარიშიდან გამომდინარე, კახა ცხადაძემ არაერთხელ გადააწყო სათამაშო სქემა. ბუნებრივია, კარგია, როდესაც გუნდს ტაქტიკური ვარირება თამაშის მსვლელობისასვე შეუძლია. თქვენი აზრით, ამ ნაკრებისთვის იდეალური სქემა რომელია?

მიმაჩნია, რომ ნაკრებში ტაქტიკური თვალსაზრისით რაც შეიძლება მეტი განათლებული ფეხბურთელი უნდა იყოს. ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ საჭიროების შემთხვევაში ნაკრები უმტკივნეულოდ გადაეწყობა ერთი სქემიდან მეორეზე. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ ახალი მწვრთნელი არ ერიდება ექსპერიმენტებს. ოპტიმალური ტაქტიკის შესარჩევად და თამაშის დასაყენებლად კი გარკვეული დროა საჭირო. უკვე ვთქვი და გავიმეორებ: მჯერა ამ ნაკრების პოტენციალის და პერსპექტივის.

ბევრის აზრით, საკმაოდ პრობლემურია მარჯვენა მცველის პოზიცია...

ცხადაძე ახლა ძიებაშია და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იპოვის იმ კანდიდატურას, რომელიც მისი სათამაშო სქემისთვის იქნება მისაღები. ამ და სხვა პოზიციებზეც კანდიდატურები ნამდვილად არის.

ლაშა დვალს უკვე მესამე წუთზე მოუწია თამაშში ჩართვამ და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, საკმაოდ თამამად მოქმედებდა და არაერთხელ განმუხტა სიტუაცია საჯარიმოში.

სამწუხაროა, რომ ამისულაშვილი შეხვედრის დასაწყისშივე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ასეთი რამისგან არც ერთი გუნდი, არც ერთი ფეხბურთელი არ არის დაზღვეული. დვალს რაც შეეხება, იგი მართლაც კარგად ჩაერთო თამაშში და ვულოცავ მას დებიუტს. ვფიქრობ, დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა.

მარცხის მიუხედავად, ბევრ გულშემატკივარს სამომავლო იმედი მიეცა...

ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ნაკრებში არიან ინდივიდუალურად ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები და ახლა დროა საჭირო, რათა ნაკრები შეთამაშდეს და მწვრთნელებმა ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩიონ. რადგან იმედსა და ოპტიმიზმზე ჩამოვარდა სიტყვა, ერთხელაც, უკვე მესამედ ვიტყვი _ მე ამ ნაკრების იმედი ნამდვილად მაქვს.

ბოლოს ტრადიციული კითხვა: ვის გამოარჩევდით საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან?

დვალზე უკვე ვისაუბრეთ და ფაქტია, მისი სახით საკმაოდ საინტერესო მცველი გამოჩნდა. აუცილებლად უნდა გამოვარჩიო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც ლაღად, უშიშრად თამაშობდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო.

პაატა ძნელაძე