სიახლეები

ოპტიმისტი ონილი

გაუზიარე

ჩვენს შესარჩევ ჯგუფში ყველაზე იღბლიანი ირლანდიის ნაკრებია. მარტინ ონილის გუნდმა ხუთი თამაშიდან სამში გოლი ბოლო წუთზე გაიტანა. ჯერ იყო და, მაკგიდიმ თბილისში მსაჯის საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე მოუტანა სამი ქულა სამყურებს. შემდეგ ჯონი ოშიმ გადაარჩინა ქულა დამატებულ დროში გერმანიასთან გასვლით შეხვედრაში. კვირას კი შეინ ლონგმა ასევე დამატებულ დროში იხსნა თავისიანები პოლონელებთან მარცხისგან. ბედის ასეთი წყალობის მიუხედავად, ირლანდის ნაკრების აქტივში მხოლოდ რვა ქულაა, სამყურები მე-4 ადგილზე არიან და სულაც არ ითვლებიან ჯგუფის ფავორიტებად.

ამის მიუხედავად, საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი ირლანდიის ნაკრების გამოცდილი თავკაცი მარტინ ონილი, რომელმაც პოლონელებთან თამაშის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ყველას კარგათ გვესმის სიტუაციის სირთულე. შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ ხუთი მატჩის შემდეგ პირველ სამეულში ვერ ვიქნებოდით, მაგრამ დაკარგული ჯერ არაფერია. ამ ჯგუფში ყველამ შეიძლება დაკარგოს ქულები. კალენდარი კი ჩვენთვის მისაღებია. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატი ირლანდიის ნაკრების გარეშე არ ჩაივლის."

პაატა ძნელაძე