სიახლეები

თბილისური სამი ქულა, რომელიც გერმანიაში ძვირად ფასობს

გაუზიარე

გერმანულმა გამოცემებმა თბილისში ჟურნალისტთა მთელი დესანტი გადმოსხეს და ცხადია, ბუნდესგუნდის აქაური მატჩი გერმანულ მედიაში დაწვრილებით გაშუქდა. ყველა მიმოხილვისა თუ სტატიის დეტალებით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ ყველაზე საინტერესო ამბებზე შევჩერდებით.

შვაინშტაიგერს ჟურნალისტმა დაუჩოქაო...
ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა დიდი ყურადღება დაუთმეს მატჩის წინა დღეს მომხდარ ამბავს, როცა გერმანიის ნაკრების ვარჯიშისას მოედანზე მავანი ყმაწვილი შეიჭრა და ბასტიან შვაინშტაიგერს დაუჩოქა. სოციალურ ქსელებში ამ ბიჭის საქციელი ქომაგთა უმეტესობამ დაგმო და ეს კერპთაყვანისმცემლობა არც ჩვენთვის ყოფილა სასიამოვნო სანახავი, მაგრამ ახლა ამის გარჩევას არ ვაპირებთ.
მთავარი და ყველაზე საწყენი ის არის, რომ გერმანულმა პრესამ შვაინშტაიგერის ქართველი ფანი ჟურნალისტად შერაცხა. ვერც გავამტყუნებთ - გერმანელთა ვარჯიში ღია მხოლოდ მედიისთვის იყო და, შესაბამისად, ადამიანი, რომელმაც იქ მოსახვედრი აკრედიტაცია იშოვა, სტუმართა თვალში ჟურნალისტი იყო...თუმცა, იმის დაზუსტება, აღარ უცდიათ, რომ ეს 17 წლის ყმაწვილი მოხალისე ანუ ვოლონტიორი იყო და არა ჟურნალისტი.
ზოგადად კი, ამ ფაქტმა და მატჩისას მოედანზე კიდევ რამდენიმე კაცის გადახტომამ გერმანელთა სამართლიანი გაღიზიანება გამოიწვია, თუმცაღა იოახიმ ლიოვმაც და ფეხბურთელებმაც ამის შესახებ უკმაყოფილება კორექტულად გამოთქვეს.
გერმანული მედია კი ვარაუდობს, რომ ამ ფაქტების გამო უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გვარიან ფინანსურ სანქციებს დააკისრებს.

"კიკერმა" ხუთიანები ჩამოგვირიგა
უდავოდ საინტერესო უნდა იყოს, რა შეფასებები დაუწერა საქართველო-გერმანიის მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს `კიკერმა~, რომლის შეფასებაც გერმანიაში ყველაზე ავტორიტეტულად მიიჩნევა. შეგახსენებთ, იქ საუკეთესო ნიშანი 1-იანია, ყველაზე უარესი კი – 5-იანი.
მაშ ასე:

საქართველო: 

ლორია
კვირკველია 3,5
კაშია 4
ლობჟანიძე 5
ნავალოვსკი 5
კობახიძე 3,5
კანკავა 4
მახარაძე 5
ოქრიაშვილი 4
მჭედლიძე 5
დვალი 4,5
ჭანტურია 5
ამისულაშვილი და ყენია შეფასების გარეშე დარჩნენ.

გერმანია:

ნოიერი 3
რუდი 3
ბოატენგი 2
ჰუმელსი 2
ჰექტორი 3,5
შვაინშტაიგერი  4
კროოსი 4
მიულერი 2
იოზილი 3,5
როისი 2
გიოტცე 3
შიურლე და პოდოლსკი არ შეაფასეს.

გამოცემა გულმოწყალე არც ბუნდესგუნდის წევრთა მიმართ ყოფილა, თუმცა გამონაკლისებიც არიან – მიულერსა და როისთან ერთად, მაღალი ქულა დაიმსახურეს ცენტრალურმა მცველებმა, ბოატენგმა და ჰუმელსმა.
კამათი შეიძლება საქართველოს ნაკრების წევრთა შეფასებებზეც, ფაქტი კი ის არის, რომ `კიკერმა~ ჩვენს ფეხბურთელებს 5-იანები გულუხვად ჩამოურიგა. როგორც ხედავთ, ჩვენი გუნდიდან საუკეთესო, გამოცემის აზრით, გიორგი ლორიაა, რომელსაც კვალში საბა კვირკველია და ალექსანდრე კობახიძე უდგანან.
რომ გითხრათ, გერმანული გამოცემები მატჩის მიმოხილვისას საქართველოს ნაკრების თამაშს დაწვრილებით აანალიზებენო, არ იქნება მართალი. როგორც გრანდი გუნდის მხარეს შეეფერება, მეტოქის ფაქტორი მეორეხარისხოვანია და თუკი ჩვენს ეროვნულ გუნდს გაკვრით ახსენებენ და ქართველთა ბრძოლისუნარიანობაზე საუბრობენ, საკუთარი ნაკრების თამაშს დეტალურად განიხილავენ.
აბსოლუტურად ყველა გამოცემა მატჩის უმთავრეს გმირებად როისსა და მიულერს მიიჩნევს, ბუნდესგუნდის თამაშის ხარისხს კი დადებითად აფასებს.

გერმანელი ფეხბურთელები: ეს არ იყო იოლი გამარჯვება
გერმანიის ნაკრების წევრები ერთხმად აცხადებენ, რომ თბილისში სამი ქულა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს და ეს გამარჯვება იოლთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა. ამასთან, მათთვის ამ სამ ქულას ძალიან დიდი ფასი აქვს, რაც, გერმანელთა სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაკვირი არც არის.
თომას მიულერი: `პირველ გოლს დიდხანს ველოდეთ, რაც ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო. საქართველოს ნაკრები თავს კარგად იცავდა, დაცვაც და ნახევარდაცვაც მობილურად მოქმედებდა და მაქსიმალურად ცდილობდა, ჩვენთვის სივრცეები შეეზღუდა. ბედნიერი ვარ, რომ დაგეგმილი სამი ქულა მოვიპოვეთ და ჯგუფში პირველობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის, ხარისხის ამაღლება კიდევ შეგვიძლია~.
მარიო გიოტცე: `მატჩი უეჭველად უნდა მოგვეგო და ამ ამოცანას თავი წარმატებით გავართვით. ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ვარ, რადგან ბევრი საგოლე მომენტი გავაცუდეთ. ისიც ფაქტია, რომ დაცვაში ასე კომპაქტურად მოთამაშე გუნდის დამარცხება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული~. 
ბასტიან შვაინშტაიგერი: `გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გავიყვანე და ამ მხრივ მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. მთავარი კი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ გავიმარჯვეთ და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსები გავიუმჯობესეთ. მეტოქე არ იყო მაღალი კლასის, მაგრამ იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა ჩვენს წინააღმდეგ~.
ჟერომ ბოატენგი: `კარგია, როცა წლის პირველ ოფიციალურ მატჩს ასეთ მაღალ დონეზე ატარებ და თან იმარჯვებ. დარწმუნებული ვარ, ტემპს არ დავაგდებთ და ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ~.
მესუთ იოზილი: `ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. კარგად ვიცოდით, როგორი ტიპის გუნდთან მოგვიწევდა თამაში და სწორად შერჩეული ტაქტიკითა და შემადგენლობით მიზანს მივაღწიეთ~.
ლუკაშ პოდოლსკი: `გერმანიის ნაკრებმა ყველას დაუმტკიცა, რომ ძველებურად ანგარიშგასაწევი ძალაა. ევროპის ჩემპიონატს მივუახლოვდით და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ნაბიჯებს ასევე დამაჯერებლად გადავდგამთ~.

ქართველები ბუნდესლიგაში
"კიკერმა" მატჩის წინ ის ქართველი ფეხბურთელები გაიხსენა, რომლებიც სხვადასხვა დროს ბუნდესლიგური კლუბების ღირსებას იცავდნენ. სამწუხაროდ, დღეს იქ აღარავინ თამაშობს, წლების წინ კი ჩვენებურები გერმანიაში ბურთს საკმაოდ მაღალ დონეზე აგორებდნენ და მათმა ნაწილმა ბუნდესლიგაში თავისი კვალიც დატოვა. გერმანიის ქვედა ლიგებში კიდევ არაერთ ქართველს უთამაშია, მაგრამ ამ ჩამონათვალში მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვისაც პირველი ბუნდესლიგა დაუგემოვნებია.
- საქართველოს ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე 1993-96 წლებში ფრანკფურტის აინტრახტის ღირსებას იცავდა;
- გერმანიაში ყველაზე დიდი დრო ლევან კობიაშვილმა გაატარა, რომელმაც ფრაიბურგის, შალკესა და ჰერტას შემადგენლობაში პირველ ბუნდესლიგაში 351 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. ბაიერნის პერუელი ფორვარდის, კლაუდიო პისაროს შემდეგ, იგი მეორე ადგილზეა პირველ ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით;
- შთამბეჭდავია ალექსანდრე იაშვილის მონაგარიც, რომლის გერმანული კარიერაც ლიუბეკში, ფრაიბურგში, კარლსრუესა და ბოხუმში გატარებულ პერიოდებს მოიცავს;
- კობისა და იაშკას გვერდიგვერდ ფრაიბურგში თამაშობდა ლევან ცქიტიშვილი, რომელმაც შემდეგ ვოლფსბურგს მიაშურა და იქაც შესამჩნევი იყო;
- კიოლნის ფეხბურთელები იყვნენ ჯერ რევაზ არველაძე, შემდეგ კი მისი ძმა არჩილი. რევაზმა 90-იანი წლების დასაწყისში იქ მცირე დრო გაატარა, არჩილს კი მძიმე ტრავმებმა კიოლნის მაისურით მხოლოდ 29 მატჩის ჩატარების შესაძლებლობა მისცა;
- ტრავმებმა გააწამა ლევან ყენიაც, რომელმაც შალკეში კარგად დაიწყო და მალე გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც დამკვიდრდა, რასაც ოპერაციები და გაცდენილი წლები მოჰყვა;
- ამავე მიზეზით ვერც ოთარ ხიზანეიშვილის გერმანული კარიერა გამოდგა ხანგრძლივი. ფრაიბურგს კარგად შეეწყო და გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მძიმე ტრავმამ ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოაშორა. მოგვიანებით, მცირე პერიოდი დაჰყო აუგსბურგში.
- ფრაიბურგში დაოსტატდა დავით თარგამაძე, მაგრამ პირველ ბუნდესლიგაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.


ლევან ჯანეზაშვილი