სიახლეები

იმედები და დებიუტები, ცხადაძის საფიქრალი შუაში და ფლანგზე

გაუზიარე

29 მარტს ოფიციალურ სანაკრებო მატჩში დებიუტი ერთბაშად ორ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა _ ტაშკენტის ფახთაქორის კაპიტან კახა მახარაძეს და თურქულ ქასიმფაშაში ახლახან გადასულ ლაშა დვალს. დებიუტიც არის და დებიუტიც, მათ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი პირდაპირ მსოფლიოს ჩემპიონებთან მოუწიათ. მათ გარდა, გერმანელებთან საქართველოს ნაკრების მაისურა კიდევ 12-მა ფეხბურთელმა მოირგო და მათგან იმედი ზოგმა გაამართლა, ზოგმა _ ვერა... ზოგმაც მოლოდინს გადააჭარბა... 

მოლოდინს გადააჭარბაო, ვამბობთ და ლაშა დვალს ვგულისხმობთ. დვალმა, რომელმაც, ლატვიურ სკონტოს თუ არ ჩავთვლით, გერმანიამდე უმაღლეს დონეზე ორი კვირით ადრე ქასიმფაშაში ითამაშა, ყველა სასიამოვნოდ გაგვაოცა და ჩვენებიდან ჯაბა კანკავასთან ერთად მოედანზე საუკეთესო გახლდათ. დვალი თამაშში მე-4 წუთიდან ჩაერთო და დარჩენილი 86 წუთი, ფაქტობრივად, უშეცდომო გახლდათ. მან გამოცდილი ალეკო ამისულაშვილი შეცვალა. საქართველოს ნაკრების დონის გუნდებისთვის, ჩვეულებრივ, გამოცდილი ფეხბურთელის მოედნიდან დასაწყისშივე გასვლა დიდი დარტყმაა, მაგრამ ამჯერად ჩვენმა გუნდმა ეს გაუთვალისწინებელი ცვლილება ისე გადაიტანა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. გუშინაც ვწერდით და დღესაც გავიმეორებთ, ლაშა დვალის სითამამე და საზრიანობა ზოგიერთი თანაგუნდელისთვის მისაბაძიც კი იყო და სულაც არ გაგვიკვირდება, უახლოეს მომავალში ლაშას თაობაზე მის მფლობელ ინგლისურ რედინგს სახელოვანმა კლუბებმა რომ მიმართონ. შეგახსენებთ, რომ დვალი დღესდღეობით სწორედ რედინგის საკუთრებაა, ქასიმფაშაში კი განათხოვრებულია. მანამდე კი, იგი სკონტოში თამაშობდა. დვალი ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო.

ლაშა კი იყო ნათელი წერტილი, მაგრამ ვაი რომ, იგივეს ვერ ვიტყვით ჩვენი ნაკრების ორ ფეხბურთელზე  _ მარჯვენა ფლანგელ მცველ უჩა ლობჟანიძესა და კანკავასთან ერთად მეორე საყრდენ კახა მახარაძეზე. 
ალალად რომ ვთქვათ, დღესდღეობით ლობჟანიძე თავის პოზიციაზე უკონკურენტოა. ის პირველად ნაკრებში ექტორ რაულ კუპერმა გამოძახა და მას შემდეგ მუდამ ძირითადში თამაშობს. მას ენდობოდა თემურ ქეცბაიაც და ძირითადში მისი ადგილი მოიძებნა ახლაც. ვიცით, რომ კახა ცხადაძე აქტიურად ეძებს მარჯვენა მცველს, მაგრამ ვიდრე მოიძიებს, გერმანიასთან ისევ ლობჟანიძეს ენდო. მისადმი პატივისცემის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი გუნდი შეტევისას მისგან თამაშის გამწვავების იმედად უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ მაშინ, როცა ნაკრები სამი მცველით თამაშობს, ფლანგელი ფეხბურთელის ფუნქცია იზრდება. ის შეტევაშიც უნდა ჩაერთოს და დაცვაც აკონტროლოს, მაგრამ ჩვენს ნაკრებში ეს პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გვგონია. არადა, დრო იყო, მარჯვენა ფლანგზე სხადასხვა დროს რეზო ძოძუაშვილი, თამაზ კოსტავა, გელა კეტაშვილი, ზაზა რევიშვილი თამაშობდნენ... 

გერმანიასთან საქართველომ ხუთი მცველით ითამაშა, მაგრამ მაშინ, როცა სანდრო კობახიძის შუისკენ შეწევისას ფლანგი თავისუფლდებოდა, სივრცე სწორედ ლობჟანიძეს უნდა შეევსო. ის კი ვერც შეტევაში ვარგოდა და ვერც დაცვაში. ლობჟანიძის რამდენიმე შეცდომის შემდეგ თომას მიულერსა და მის თანაგუნდელებს რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა. ჩვენებს მატჩში საგოლე მომენტიც  შეექმნათ, მაგრამ შეტევაში ჩართულმა ლობჟანიძემ ბურთი კარის ნაცვლად ტრიბუნაზე გაგზავნა... 
მეორე, აშკარად სუსტი წერტილი კი საყრდენის პოზიცია იყო. ის პოზიცია, რომელზეც ადრე ბუბა დაუშვილი თამაშობდა, მაგრამ მაშინ დაუშვილსაც და სხვებსაც მხოლოდ ერთი დავალება ჰქონდათ _ საკუთარ კარში გოლი არ უნდა მიეღოთ. კახა ცხადაძე კი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და პირდაპირ თქვა კიდეც, ჩემს გუნდში კანკავა და დაუშვილი ერთად ვერ ითამაშებენო. თქვა და აასრულა კიდევაც, კანკავას კახა მახარაძე შეუწყვილა. ისე, საყრდენების გახსენებაზე: ალექსანდრე ჩივაძეს ხშირად იმას ვუკიჟინებდით, მოედნის შუაში გიორგი ქინქლაძესა და გოჩა ჯამარაულს ერთად რატომ ათამაშებო. მწვრთნლის პასუხი ასეთი იყო _ ისინი ერთმანეთზე უკეთესები არიან და სკამზე არც ერთის დასმა არ შემიძლიაო. 

რამდენიმე წელიწადში ნაკრებში სურათი ისე შეიცვალა, უკვე თემურ ქეცბაიას ვსაყვედურობდით, ამდენი საყრდენი და ჩამშლელი რა ამბავიაო. კანკავას, დაუშვილისა და ხშირად გურამ კაშიას ერთად თამაშს ვგულისხმობდით. ახლა კახა ცხადაძემ შუა მოედანი თითქოს დააბალანსა და ისეთ ფეხბურთელებს ენდო, რომლებმაც, ერთი შეხედვით, ჩაშლაც იციან და შეტევის წამოწყებაც, მაგრამ... ამ ორიდან ერთზე,  ჯაბა კანკავაზე ენა როგორ მოგვიბრუნდება და როგორ ვიტყვით, მოლოდინი ვერ გაამართლაო. პირიქით, ჩემი სუბიექტური აზრით, ჯაბა ბოლო ხუთწლეულის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია. აი, მეორე, კახა მახარაძემ კი გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა და გერმანიასთან, ლობჟანიძესთან ერთად, ვერ იყო სასურველ სიმაღლეზე. ის პოზიციასაც ხშირად კარგავდა და ბურთსაც. ერთხელ მისი უზუსტო პასის შემდეგ ნაკრები გოლს გადარჩა, ხოლო მეორედ, როცა გერმანელ ფეხბურთელს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა და უზუსტო პასი გააკეთა, სტუმრებმა პირველი საგოლე შეტევა წამოიწყეს. თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა რომ არა, დარწმუნებულნი ვართ, ცხადაძე მას შესვენებაზე შეცვლიდა. 

ისე, მახარაძის არადამაჯერებლობა გასაკვირიც არ არის _ მას ხომ ბრძოლა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარდაცვასთან მოუხდა და ერთ ფეხზე ბასტიან შვაინშტაიგერი ეჯდა, მეორეზე _ ტონი კროოსი. ჩაგდებული თამაშის მიუხედავად, მაინც მიგვაჩნია, რომ კახა მახარძე დასაკარგი ფეხბურთელი არ არის და ცოტა გაშინაურების შემდეგ მას ნაკრებისთვის სარგებელის მოტანა ნამდვილად შეეძლება... 

იმ ფეხბურთელების გარდა, რომლებზეც აქცენტი გავაკეთეთ, კვირა საღამოს გერმანიასთან კიდევ 11-მა ქართველმა ითამაშა, მაგრამ, ისევ და ისევ ჯაბა კანკავას გარდა, მათგან არც ერთი ყოფილა ისეთი, ახლა, აქ გამოგვერჩია... ვისი გამორჩევაც გვსურდა, ვფიქრობთ, გამოვარჩიეთ კიდეც... 

ლუკა თალაკვაძე