სიახლეები

ზვიად სიჭინავა: სამწუხაროდ, სანქციები იქნება

გაუზიარე

სამწუხაროდ, ისევ გავიხადეთ საქმე დასასჯელად. უეფას სადისციპლინო კომიტეტი საქართველო-გერმანიის მატჩისას სტადიონზე გულშემატკივართა შევარდნის ფაქტს განიხილავს. იმსჯელებენ და ვერდიქტს გამოიტანენ. მატჩის დელეგატმა დანილო ფილაჩიონემ უეფას წარუდგინა საბუთები, თუ რა როგორ მოხდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხს უთხრა: "მატჩის დელეგატი უეფას დღეს უკვე გადასცემდა საბუთებს. სამწუხაროდ, იქნება ფულადი სანქციები, თანაც, სოლიდური. საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს ნაკრების უახლოესი საშინაო მატჩი მაყურებლების გარეშე გაიმართოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გუშინვე ვესაუბრეთ, მათ ნახეს ფირები და შეეცდებიან, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში აღკვეთონ. ვიცით, რომ გულშემატკივრებმა მოედანზე გადასვლით ჩვენი ნაკრების მხარდაჭერა გამოხატეს, მაგრამ მათ მივმართავ: რაც უეფასა და ფიფას წესებს არღვევს, იმას ნუ გააკეთებენ". 

29 მარტის მატჩისას ერთი ან ორი კი არა, შვიდი გულშემატკივარი გადმოვიდა მოედანზე. ჯერ ერთი, შემდეგ მეორე, მერე ერთ მომენტში სამნი ერთად... სულ შვიდი კაცი. ეს უკვე ძალიან ბევრია და უეფა არ გვაპატიებს. ნამატჩევს ხუმრობაც მოვისმინეთ, გერმანელებს თვრამეტი თერთმეტზე ვეთამაშეთ და მაინც წავაგეთო. 

შესარჩევი ეტაპის უახლოესი საშინაო მატჩი კი, საქართველოს 4 სექტემბერს ელის შოტლანდიასთან. მოგვიანებით, ჯგუფში კიდევ ერთი საშინაო თამაში გიბრალტართან გველის. ასე რომ, უმაყურებლობა, უპირველესად, საქართველო-შოტლანდიის შეხვედრას ემუქრება. იმედია, სანქცია თუ იქნება, მხოლოდ ერთმატჩიანი. 

შესაძლოა, ფულადი სანქციები იყოს ფეხბურთელთა მიმართაც. უეფა (და ფიფაც) აჯარიმებს იმ მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე შემოსულ გულშემატკივართან რაიმე სახის კონტაქტს ამყარებენ – მაგალითად, ხელის მოკიდებას, გაყვანას ან ჩახუტებას.

ილია ნანობაშვილი