სიახლეები

ვის აქვს უფლება, წამართვას ფეხბურთი?

გაუზიარე

ბავშვობაში ერთი შერბენა ვიცოდი, საფეხბურთო ენაზე დღემდე ზაბეგანიებს რომ ვეძახით. ჰოდა, ეს ზაბეგანიე არასოდეს ყოფილა ჩვენი ფეხბურთის ძლიერი მხარე. ეს სათამაშო ელემენტი ლოზინსკისა და დემიანენკოს კიევის დინამოს მთლად კოზირი ვერა, მაგრამ მახასიათებელი კი ნამდვილად იყო. ჩვენ უფრო კომბინაციური, სწრაფი მიეცი- მიიღე, ეშმაკური პასი, მოატყუე-დაარტყი ფეხბურთი გვეხერხებოდა. და ასე იყო არა მარტო თბილისის დინამოში. ქართველებს გვიყვარდა და გვეხერხებოდა ასეთი თამაში. ზაბეგანიე დღესაც მუშაობს, კედლისა არ იყოს, ისიც უბერებელი კომპონენტია ფეხბურთისა, თუმცა უკვე განსხვავებული ვარიაციით, რადგან ფეხბურთელების სისწრაფე იმდენად გაიზარდა, რომ 70-მეტრიანი სიგანის მინდორი ძალიან დავიწროვდა იმასთან შედარებით, რაც 40 წლის წინ იყო... ასე რომ, ტრადიციული ზაბეგანიე უკვე წარსულს ჩაბარდა.

სამაგიეროდ, როგორც ჩანს, ჩნდება ახალი ტრენდი სახელწოდებით ,,ვიბეგანიე”, რომელიც, მართალია, ძველებურ ზაბეგანიეს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ფეხბურთელებსა და მაყურებელს ნერვებს მოუშლის და უეფას სტადიონის სანქციებზე დააფიქრებს. სანახაობა, რომელიც  29 მარტს `დინამო არენაზე~ სასოწარკვეთილმა ფანებმა ერთი-მეორის მიყოლებით შემოგვთავაზეს, ფეხბურთთან საერთოდ არაა კავშირში. მაგრამ ამას, აბა, რა მნიშვნელობა აქვს? ამ უინტერესო ყოფაში ერთ ნათელ წერტილს ხომ მაინც ჩაწერ? აი, როგორ: პირველი იარუსის დაბალ რიგებში ზიხარ, განაბული ელოდები შენს წამს, დროს კარგად შეარჩევ, ტრიბუნებიდან მოხერხებულად ისკუპებ და აჰა, გამორბიხარ `დინამო არენას~ მწვანე მინდორზე სახეატკლეცილი და აღტყინებული. ტელეკამერები გიყურებენ, პროჟექტორები თვალს გჭრის, ადრენალინი მოდის და მოდის... შესაშური ცრუმოძრაობით უსხლტები სტიუარდებს და ამაყად მიჰქრი მიზნისკენ. მიზანი ნოიერი ან შვაინშტაიგერია! და აი, ბედნიერი წამიც: დაუძვერი მდევარს და ტრიბუნების გამაყრუებელ სტვენაში ბედნიერად იხუტებ გულში შენს კერპს, მანამდე მხოლოდ ტელევიზორში რომ გინახავს! მერე? მერე ქეჩოში ხელჩავლებული მუჯლუგუნებით მოედნიდან გამოჰყავხარ აქოშინებულ სტიუარდებს და სტადიონის ტერიტორიას ტოვებ სევდიანი რაინდის თვითკმაყოფილი იერით...

მერე? მერე დოჩანაშვილის ხინკლის ჭამით გამაძღარი კაცისა არ იყოს: ,,მიხვდები, რომ ისევ ის ბითური ხარ, ოციოდე წუთის წინ სახინკლეში მშიერი რომ შემოჩანჩალდი”. ბითური ბითურად, მაგრამ იმ 55 ათას კაცს რას ერჩი, ვისაც შოტლანდიასთან თამაშის ნახვა უნდა? ან ეროვნულ ნაკრებს რას ერჩი, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ უნდა ითამაშოს შენი სულელური ახირების გამო? დაფიქრებულხარ იმაზე, რომ ფეხბურთის ფედერაციის ფულადი ჯარიმები ისევ ჩვენს ფეხბურთს აკლდება? მე რას მერჩი, მე, ქომაგს, ვინ მოგცა უფლება, წამართვა ფეხბურთი?