სიახლეები

გულშემატკივრის ბოდიში

გაუზიარე

საქართველო - გერმანიის მატჩის დროს მოედანზე მაყურებლის გამორბენის თემა ამ დღეებში ლამის ისევე აქტიურად განიხილება, როგორც თავად შეხვედრის პერიპეტიები. ამ სასოწარკვეთილმა შემოვარდნებმა, შესაძლოა ჩვენი ფეხბურთი და მაყურებელიც მნიშვნელოვნად აზარალოს. როგორც მინიმუმ, ფინანსურ სანქციებს ვერ ავცდებით, არის იმის საშიშროებაც, რომ მომდევნო საშინაო შეხვედრა შოტლანდიასთან უმაყურებლოდ, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდეს. უეფას ვერდიქტს მალე შევიტყობთ. ამ შემთხვევამ ცხადი გახადა, რომ: პირველი - დამრღვევების მიმართ უნდა გამკაცრდეს სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი და მეორე - უნდა დაიხვეწოს უსაფრთხოების ზომები.

დღეს ერთ-ერთმა ასეთმა დამრღვევმა ლევან სურამელაშვილმა 17 წლის ახალგაზრდამ, რომელიც გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე მოედანზე შეიჭრა, მშობლის შუამავლობით საჯარო ბოდიშის მოხდის თხოვნით მოგვმართა. მის წერილს უცვლელად ვაქვეყნებთ და აქვე, მოკლედ და გასაგებად ვაცხადებთ: ვისაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები გქვიათ, დაფიქრდით, ვიდრე ისეთ საქციელს ჩაიდენთ, რაც ჩვენს ფეხბურთს, ეროვნულ ნაკრებსა და მის ქომაგებს დააზარალებს. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამ ადამიანებს მოღალატეობა დავწამოთ და სასტიკი ეპითეტებით შევამკოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადი და ცალსახაა -მათი გაუაზრებელი ქმედებით ჩვენი ფეხბურთი და მისი ქომაგი სერიოზულად დაზარალდა.

ბოდიში ორგანიზატორებს

ვარ ყოფილი ფეხბურთელი, ვთამაშობდი საბურთალოს ახალგაზრდულ გუნდში 1997-წლიანებში, ვიყავი ეთ-ერთი ასაკობრივი ნაკრების კანდიდატიც, უზომოდ მიყვარს სპორტის ეს სახეობა. მსურდა, რაღაც ფორმით ახლოს ვყოფილიყავი საფეხბურთო სამყაროსთან. რეკომენდაცია გამიწიეს მამუკა კვარაცხელიასთან ამ მატჩისთვის მედია-მოხალისეობაზე, მან შეამოწმა ჩემი ინგლისურის ცოდნა, ჩამიტარა გასაუბრება, მომცა რამდენიმე დავალება, რაც შევეცადე კარგად შემესრულებინა. სტადიონზე რამდენიმე მოხალისე იყო, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ. მე ერთ-ერთ მათგანთან,  მამუკა კუკულაძესთან ერთად დამევალა ფოტოგრაფების ზონის შემომსაზღვრელი თოკის დაჭერა 15 წუთით, ვარჯიშის დასაწყისიდან მის დახურვამდე. თავიდან ზუსტად ვასრულებდი ინსტრუქციას, შემდეგ კი ვერ  გავუძელი ემოციებს და მივიჭერი ჩემს საყვარელ ფეხბურთელთან შვაინშტაიგერთან, მოვეხვიე და ბუცებზე ხელი დავადე. ძალიან განვიცდი, რომ ვერ შევასრულე დაკისრებული მოვალეობა  და ვთხოვ პატიებას ბატონ მამუკას, ჩემს კოლეგებს და მატჩის ორგანიზატორებს. მე ქართველი ვარ და გულშიც არ გამივლია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გერმანიის ნაკრების გულშემატკივრობა!

,,ჩვენი თამაში“: დამრღვევებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი საქციელით ზარალდება ქართული ფეხბურთი და ქართველი მაყურებელი. ეს ინციდენტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მრავალათასიან ჯარიმად დაუჯდება, ქართველ გულშემატკივარს, ამ ყველაფერმა, შესაძლოა ეროვნული ნაკრების თამაშის ყურების საშუალება წაართვას, თავად ეროვნულ ნაკრებს კი, მომავალ მატჩში - საკუთარი კედლების უპირატესობა დააკარგვინოს. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ საქციელის ჩამდენებს, მათაც, ვინც ასე მოხიბლა ამ გამორბენებმა (საკვირველია, მაგრამ ასეთებიც არიან), კარგად გააცნობიერონ, თუ რამხელა პრობლემას უქმნიან ისინი ზოგადად ქართულ ფეხბურთს, ეროვნულ ნაკრებსა და მის გულშემატკივარს.