სიახლეები

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია [ვიდეო]

გაუზიარე

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე, ვლადიმირ ვაისი უხელმძღვანელებს. სლოვაკი სპეციალისტი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს დაამტკიცა. 51 წლის სპეციალისტი საზოგადოებას ოფიციალურად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა წარუდგინა.

„ჩვენსა და ვლადიმერ ვაისს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თვენახევრის განმავლობაში. ამ პერიოდში ჩვენ მას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ნაკრების შესახებ. მან თავად ნახა ნაკრების მიერ გამართული ბოლო თამაშები და, შესაბამისად, გაცნობითი სახის სამუშაოები უკვე ჩატარებულია. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ეყოლება უცხოელი მწვრთნელი, რომელსაც აქვს გამოცდილება სანაკრებო დონეზე. მისი მუშაობა იყო წარმატებული როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვაისი დათანხმდა ჩვენს მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პირობებს და საბონუსე სისტემას. ჩვენს შორის შედგა შეთანხმება, სადაც ჩადებულია შედეგზე ორიენტირებული პირობები. ეს იყო პრინციპული საკითხი ჩვენთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ვლადიმერ ვაისს. ვიმედოვნებ, რომ დასახულ მიზანს ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ და მისი საქართველოში მოღვაწეობა იქნება შედეგიანი“, - ლევან კობიაშვილი.
 
„ჩემთვის დღეს აქ ყოფნა არის საპასუხისმგებლო, საპატიო და სასიხარულო. ეს არის სამი მთავარი კომპონენტი, რატომაც დავთანხმდი შემოთავაზებაზე, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან მივიღე. პასუხისმგებლობა და პატივი - როდესაც უცხოელი სპეციალისტი იღებს შეთავაზებას ნაკრებში მუშაობაზე, ეს მისთვის საპასუხისმგებლოც არის და საპატიოც. სიხარულია, იმიტომ, რომ რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, ნაკრებში სამუშაოდ ვბრუნდები. ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი კარგ კლუბში, ყაზახეთის „ქაირათში“, სადაც არაჩვეულებრივი სამი წელი გავატარე. დაახლოებით ერთი თვის წინ დამიკავშირდა ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, შემდეგ კი ლევან კობიაშვილი, მივიღებდი თუ არა შეთავაზებას ეროვნული ნაკრების პოსტზე. მაშინვე მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალო შემოთავაზება. ეს იყო გამოწვევა. ამ პერიოდის განმავლობაში გადავხედე ქართული ფეხბურთის ისტორიას, ბოლო ოფიციალურ თამაშებს და ამხანაგურ შეხვედრებს. მე ამ გუნდში, უკვე ჩვენს გუნდში დიდი პოტენციალი დავინახე“, - ვლადიმერ ვაისი.

ვლადიმირ ვაისს წარმატებული საკლუბო და სანაკრებო სამწვრთნელო კარიერა აქვს. სლოვაკი სპეციალისტის ხელძღვანელობით, 2010 წელს სლოვაკეთის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა და მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. ვლადიმერ ვაისის ხელმძღვანელობით, სლოვაკეთის საფეხბურთო კლუბმა, ბრატისლავას „პეტრჟალკამ“ 2005-06 წლის სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, შემდეგ კი უეფას თასის პლეიოფში გადაინაცვლა. 2011-12 წლის სეზონში სლოვაკეთის „სლოვანი“ ვაისთან ერთად უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე გახდა. ბოლო კლუბი, სადაც ვლადიმირ ვაისი მუშაობდა ყაზახეთის „ქაირათი“ იყო.

ვლადიმერ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციასა და კახა ცხადაძეს შორის ხელშეკრულება ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

დაბადების თარიღი 1964 წლის 22 სექტემბერი

დაბადების ადგილი - ბრატისლავა

პოზიცია - ნახევარმცველი , 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ გუნდში ჩატარებული აქვს 19 მატჩი . სლოვაკეთის ეროვნულ გუნდში კი 12 შეხვედრა.

ფეხბურთელის კარიერა

1984-1986 არგო ჰურბანოვო

1986-1993 ინტერი ბრატისლავა

1993 სპარტა პრაღა

1993 პეტრა დრნოვიცე

1994 დუნაისკა სტრედა

1995-1996 კოშიცე

1996-2000 არტმედია პეტრჟალკა

სამწვრთნელო კარიერა

1999-2006 არტმედია პეტრჟალკა

2006-2007 სატურნი რამენსკოე

2007-2008 არტმედია პეტრჟალკა

2008-2012 სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები

2011-2012 სლოვანი ბრატისლავა

2012-2015 ქაირათი, ყაზახეთი

2016 წლის 14 მარტიდან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია

კარიერული მიღწევა/არტმედია პეტრჟალკა

2004-2005 და 2007-2008 წლის სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი

2008 წელი - სლოვაკეთის თასის მფლობელი

2005-2006 წლის სეზონი - უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მონაწილე

2005-2006 წლის სეზონი - უეფას თასის პლეიოფი

სლოვანი - სლოვაკეთი

2011-2012 წლის სეზონი უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე

ქაირათი - ყაზახეთი

2014 წელი - ყაზახეთის თასის მფლობელი

2015 წელი - ყაზახეთის თასის მფლობელი



სფფ-ს პრესსამსახური