სიახლეები

ჯუნეტ ჩაქირის ხელმძღვანელობით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მსაჯების შეკრება გაიმართა 

მსაჯები
გაუზიარე

14-დან 18 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ახალი ხელმძღვანელის, ჯუნეტ ჩაქირის ხელმძღვანელობით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მსაჯების შეკრება გაიმართა. 

შეკრება 5 დღის განმავლობაში, თბილისში მიმდინარეობდა და შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. შეკრებაზე მიმდინარეობისას ასევე ჩატარდა VAR-ის სიმულაციები. 

 შეგახსენებთ, რომ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემა 2022 წლიდან, შერჩეულ მატჩებზე გამოიყენება. 15 სექტემბრიდან კი, VAR-ის სისტემის დანერგვა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა მატჩზე იგეგმება.  

ჯუნეტ ჩაქირი: "თითოეულმა არბიტრმა შეკრებაზე დიდი ძალისხმევით იმუშავა. შეკრების მიმდინარეობისას თეორიულ სესიებზე განხილული საკითხები პრაქტიკული სესიებზე ვიდეო რეფერის სისტემის ჩართულობით დავამუშავეთ. დიდ ყურადღებას ვაქცევდით გუნდურ მუშაობას და თამაშის მართვას. VAR პროტოკოლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, შევქმენით სიმულაციები VAR სისტემით და ვცადეთ ჩამოგვეყალიბებინა თამაშის აღქმის საერთო სტანდარტი. 

მთავარი მიზანი იყო მსაჯების დონის გაგება და შემდეგი პროგრამის სუსტ და ძლიერ მხარეებზე ფოკუსირება. აქცენტი გაკეთდა მსაჯების ფიზიკურ მომზადებაზეც. ჩვენი მთავარი მიზანია, თავიდან ავიცილოთ დაზიანებები მათი ფიზიკური შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერით. ფედერაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ ფიზიკური განვითარების პროგრამაში. ყოველ ნაბიჯზე ჩვენი ფედერაციის დიდი მხარდაჭერა გვქონდა.

კმაყოფილი ვარ ჩვენი მსაჯების შრომით და ძალისხმევით. ჩვენი გუნდის ყველა მსაჯი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მსაჯობის დონის გაუმჯობესებაზე ერთად ვიმუშავებთ. ასევე გვჭირდება გუნდის ახალი წევრები. ვიწვევთ სტუდენტებს, ფეხბურთელებს, ფეხბურთის მოყვარულებს, რათა გახდნენ მსაჯები და ჩვენ გუნდს შემოუერთდნენ".