სიახლეები

რეგიონთა თასი - ფინალური შეხვედრები ლაგოდეხის და რუსთავის აკადემიაში ჩატარდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

9 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტის- „რეგიონთა თასის” 13-წლამდე და 14-წლამდე გათამაშება დასრულდა.

ცამეტწლამდელთა ფინალურ დაპირისპირებას ლაგოდეხის აკადემიამ უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება თბილისის ფეხბურთელებმა უკვე მეორედ მოიპოვეს.

შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი და სფფ-ის აკადემიის დირექტორი ირაკლი ლილუაშვილი ესწრებოდნენ. მათ გუნდებს გათამაშებაში ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს, წინსვლა უსურვეს და შესაბამისი ჯილდო გადასცეს.

რუსთავის აკადემიამ უმასპინძლა ამავე პროექტის 14-წლამდე გათამაშებას. მეტოქეს ამ ასაკშიც თბილისის გუნდმა სძლია და ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.

ფინალური დაპირსპირების შემდეგ გამარჯვებული გუნდი, ფინალისტი და 3-4 ადგილის მფლობელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ დააჯილდოვეს.

„რეგიონთა თასი“, რომლის მთავარი მიზანი რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა, უკვე მესამე წელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და ფიფას დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი ერთგვარი პლატფორმაა ტალანტების სელექციისთვის და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონის ბავშვთა გუნდი მონაწილეობს.

თავდაპირველად, გათამაშება 13-წლამდე ფეხბურთელთა შორის იმართებოდა, ხოლო ბოლო ორი წელია, რაც რეგიონთა თასი ორ ასაკში  ტარდება.