სიახლეები

საქართველო - დანია დინამო არენაზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანიასთან ოფიციალურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღეს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მზადების პროცესში ასევე მონაწილეობდა დისკვალიფიცირებული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. შემადგენლობას გამოაკლდა ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ დებიუტი ჰქონდა. 18 წლის ფეხბურთელი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. ასევე ცნობილია კიდევ ერთი დანაკლისის შესახებ - სოლომონ კვერკველიასა და დავით ხოჭოლავას შემდეგ დაცვის ხაზს ტრავმირებული ლაშა დვალი ვერ დაეხმარება.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ოთარ კიტეიშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ზოგიერთ პოზიციაზე ცვლილებების გაკეთება მოგვიწევს, რადგან ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია, ჯაბა კანკავა კი, დისკვალიფიკაციის გამო ვერ გვეხმარება.

ვლადიმირ ვაისი: “დანიის წინააღმდეგ მზადება სტამბოლში დავიწყეთ. კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ და ფრედ, 2:2 ვითამაშეთ. ამ შეხვედრაში ისეთი მოთამაშეები დაგვიბრუნდნენ, როგორებიც ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი და ქვილითაია არიან. 60-70 წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ გარკვეული ცვლილებები მოხდა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი თამაში და შედეგი ვაჩვენეთ.

სამწუხაროდ, მომავალ შეხვედრაში ტრავმების გამო ფეხბურთელები კვლავ დაგვაკლდებიან. ზურიკო დავითაშვილი ბოლო შეხვედრაში დაშავდა და როგორც ექიმები ამბობენ, ის 2-3 კვირა ვერ ითამაშებს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან დავითაშვილს კარგი დებიუტი ჰქონდა. ლაშა დვალი ეროვნულ ნაკრებს ჯანმრთელი შეუერთდა, მაგრამ ბოლო ვარჯიშზე ფეხი იტკინა და ვერც ის შეძლებს თამაშს. რაც შეეხებათ, დავით ხოჭოლავას და საბა კვერკველიას, მათ საკუთარ კლუბებში მიიღეს ტრავმები და ახლა რეაბილიტაციას გადიან.

გიორგი ხარაიშვილი მაღალი დონის მოთამაშეა, მე მომწონს ის და ვაკვირდები მის თამაშებს კლუბში. უბრალოდ, ამ ეტაპზე აქცენტი სხვა მოთამაშეებზე გავაკეთე. შეკრებაზე ვიძახებთ იმ შემადგენლობას, რომელიც, ჩვენი აზრით, კონკრეტული თამაშისთვის ოპტიმალურია.

ზოგიერთ პოზიციაზე ცვლილებების გაკეთება მოგვიწევს, რადგან ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია, ჯაბა კანკავა კი, დისკვალიფიკაციის გამო ვერ გვეხმარება. ჩვენ დაგვიბრუნდა ბუბა დაუშვილი, ამ პოზიციაზე თამაში ასევე შეუძლია ვაკო გვილიას, რომელმაც წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსისა და ირლანდიის წინააღმდეგ საყრდენ ზონაში თავი კარგად წარმოაჩინა.

დანიის ნაკრებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ შეტევა შეგვიძლია.

ოთარ კიტეიშვილი: “დანიის ნაკრები ძალიან მაღალი დონის გუნდია, მათ წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში 1:5 დავმარცხდით, მაგრამ ეს განაპირობა გარკვეულმა შეცდომებმა როგორც ჩვენი მხრიდან, ისე მსაჯის. ჩემი აზრით, რომ არა ეს შეცდომები შეხვედრა შესაძლოა სხვა შედეგით დასრულებულიყო.

რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, ვთვლი, რომ 90 წუთი დაცვიდან არ უნდა ვითამაშოთ და დანიის ნაკრებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ შეტევა შეგვიძლია. მოწინააღმდეგეს უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი კარი დაცული არაა და ჩვენ საკმაოდ დიდი ხიფათის შექმნა შეგვიძლია“.

საქართველოს ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 8 სექტემბერს, 20 საათზე, დინამო არენაზე ჩატარდება. დ ჯგუფის მეორე შეხვედრა შვეიცარიასა და გიბრალტარს შორის შედგება.

საქართველო - დანიის მატჩის რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.