სიახლეები

სახალისო საფეხბურთო ღია სკოლების ფარგლებში მწვრთნელთა მეორე სემინარი გაიმართა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

დავით პეტრიაშვილი არენაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, CCPA საქართველოს წარმომადგენლებმა საერთაშორისო პროექტის "სახალისო საფეხბურთო ღია სკოლების" ფარგლებში მწვრთნელთა მეორე სემინარი გამართეს.

სემინარი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ქალთა ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ნინო პასიკაშვილი. სემინარების ფარგლებში პროექტის მონაწილე მწვრთნელებმა დეტალური ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ მიიღეს: უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემო ფეხბურთში, მედია და ახალგაზრდული ფეხბურთი, სასკოლო დოკუმენტაციის შედგენა, სახალისო ფეხბურთის მოედანზე კვადრატებზე განაწილების პრინციპი, სახალისო ვარჯიშებისთვის კონსპექტის მომზადება და სამგანზომილებიანი ვარჯიშები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "სახალისო საფეხბურთო ღია სკოლის" პროექტისთვის სპეციალურად გამოუშვა საფეხბურთო სახელმძღვანელო, რომელიც სემინარის მონაწილე მწვრთნელებს გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ "სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა" საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1998 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი 5-12 წლამდე ბავშვების საფეხუბრთო ცხოვრებაში  ჩართვაა. 1998 წლიდან დღემდე აღნიშნულ პროექტში 950 000 მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. "სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა" საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით პროექტმა ახალი მასშტაბები შეიძინა და საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება.