სიახლეები

ფეხბურთის სივრცე თბილისობაზე

სფფ
გაუზიარე

5 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივარს ორბელიანის მოედანზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში უმასპინძლა. სხვადასხვა თაობის ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ადგილზე გამართულ აქტივობებში მონაწილეობა სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა მიიღეს. 

ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სფფ-ის ოფიციალურ მაღაზიაში ადგილზე მოსულ სტუმრებს 12 ოქტომბერს დინამო არენაზე გასამართი მატჩის, საქართველო - ირლანდიის ბილეთებთან ერთად, ეროვნული გუნდის მაისურების და სხვადასხვა საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა შეეძლოთ. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწყობილ გასართობ ზონაში კი, საფეხბურთო შეჯიბრების საშუალებით საქართველო - ირლანდიის მატჩის ბილეთები და სხვადასხვა პრიზები გათამაშდა, რომლებიც გამარჯვებულებს სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს.

? ​ლევან კობიაშვილი: "პირველ რიგში, ყველა თბილისელს ვულოცავ თბილისობას. გადავწყვიტეთ, რომ ამ ღონისძიებაში მიგვეღო მონაწილეობა. ორბელიანის მოედანზე ოფიციალური მაღაზიით და გასართობი სივრცით ვართ წარმოდგენილი. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის საინტერესო, რადგან ნებისმიერ მათგანს შანსი აქვს წარმატებული დარტყმით სხვადასვა პრიზები და მათ შორის, 12 ოქტომბერს გასამართი საქართველო - ირლანდიის მატჩის ბილეთები მოიგოს.

რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ სტადიონზე რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი ვიხილოთ, რადგან ეს ჩვენს ნაკრებს სჭირდება. რაც შეეხება ჩვენს ოფიციალურ მაღაზიას, აქ გულშემატკივარს ეროვნული ნაკრების მაისურების და სხვადასხვა ატრიბუტიკის შეძენა შეუძლია."

? ალექსანდრე იაშვილი: "ძალიან მიხარია, რომ დღევანდელ ღონისძიებაში ბევრი ბავშვი და ზოგადად ბევრი ადამიანია ჩართული. მოსული სტუმრები კარგად ერთობიან და საინტერესო პრიზების მოგების საშუალება აქვთ. ყველანი 12 ოქტომბერს ირლანდიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ვემზადებით. ეროვნული ნაკრები შეკრებას ორშაბათიდან დაიწყებს.

დანიასთან შეხვედრის შემდეგ გულშემატკივარს დიდი მოლოდინი აქვს. ირლანდიის ნაკრებთან სამწუხაროდ, ცუდი შედეგები გვაქვს, იყო შეხვედრები, რომლებშიც მოწინააღმდეგეს ვჯობდით, მაგრამ ვერ მოვუგეთ. ახლა კი, იმედი მაქვს, რომ ამ ცუდ სტატისტიკას შევცვლით და 12 ოქტომბერს გულშემატკივარს გავახარებთ."

ორბელიანის მოედანზე თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებები 6 ოქტომბერს გაგრძელდება და ადგილზე მოსულ სტუმრებს კვლავ ექნებათ საშუალება ფეხბურთის სივრცეს ესტუმრონ.