სიახლეები

ევრო 2020 | გიბრალტარი - საქართველო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ეროვნული ნაკრები მატჩისთვის 19 ფეხბურთელით ემზადება.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და ვაკო ყაზაიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს:

ვლადიმირ ვაისი - "გიბრალტარის წინააღმდეგ გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ."

💬 ვლადიმირ ვაისი: "ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, დღეს პირველი ვარჯიშისთვის ვემზადებით. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩში პირველად ვიქნებით ფავორიტის რანგში. ამასთან ერთად, გიბრალტარის ნაკრებსაც სურს აჩვენოს ხარისხი და გოლი გაიტანოს. ამიტომ არ იქნება იოლი თამაში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმოძრავებთ მოედანზე და როგორ ვიქნებით ტაქტიკურად მომზადებული კონკრეტულად ხვალინდელი მატჩისთვის.

შეტევაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე გასულ შეხვედრებში. დანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ ხვალ გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ."

ვაკო ყაზაიშვილი - "გიბრალტარის წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ხვალინდელ მატჩშიც გამარჯვება იქნება მთავარი მიზანი."

💬 ​ვაკო ყაზაიშვილი: "გასულ შეხვედრებში დაცვაში კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ შეტევაში აგრესია გვაკლდა. ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ და ხვალინდელ შეხვედრაში შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი შეხვედრაა დარჩენილი, ამ გუნდის წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ხვალინდელ მატჩშიც გამარჯვება იქნება მთავარი მიზანი. ჩვენი, თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ და მატჩი სასურველი შედეგით დასრულდეს."

საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

გიბრალტარისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 15 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩს იტალიელ მსაჯთა ჯგუფი მოემსახურება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.