სიახლეები

დასრულდა ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროცესი

სფფ
გაუზიარე

დასრულდა ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროცესი, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 94-მა ფეხბურთის სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სკოლებს სფფ-ს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი დოკუმენტაციისა და ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე 4 სხვადასხვა კატეგორია მიენიჭათ.

I კატეგორია - ფეხბურთის აკადემია (4 სკოლა)
II კატეგორია - ფეხბურთის სკოლა (12 სკოლა)
III კატეგორია - ფეხბურთის საბაზისო სკოლა (10 სკოლა)
IV კატეგორია - ფეხბურთის წრე (68 სკოლა)

ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროექტი ემსახურება საქართველოში ახალგაზარდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას, სფფ-ის ახალგაზრდული ფეხბურთის პოლიტიკის განხორციელებას; ახალგაზრდულ სექტორში მოქმედი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების შეფასებას და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებას.

? დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი: „დღეს მოხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის სკოლების დაფინანსებას და მხარდაჭერას ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. წლებია, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სხვადასხვა აქტივობებით, აქტიურად ვუჭერთ მხარს და ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას.

სკოლებისთვის კატეგორიების მინიჭების საფუძველზე ყველა რეგისტრირებულ სუბიექტს დამატებითი ფინანსური დახმარება ექნება განვითარების ფონდის მხრიდან. 2018 წლის შემდეგ სკოლების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა გაიზარდა და წელს პროექტის ფარგლებში უკვე მილიონ ექვსას ოცი ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხა შესაბამისად გადაუნაწილდება 4 კატეგორიაში შემავალ 94 ფეხბურთის სკოლას. აღნიშნული თანხა მოხმარდება თავად სკოლების განვითარებას.“

პროგრამული დაფინანსება განკუთვნილია საფეხბურთო სკოლების ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის განკუთვნილ ხარჯებს, სპორტული ინვენტარის შეძენას, მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას, საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებისა და ორგანიზების, სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტების ხარჯებს და სხვა საკითხებს, რაც გათვალისწინებულია სკოლების კატეგორიზაციის დებულებებში, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის და  წინასწარ წერილობით თანხმდება ფონდთან.

კატეგორიზაციის პროცესს წინ უძღოდა აღწერის პროექტი, რომლის დროსაც ფედერაციის მონიტორინგის სამსახურმა მთელი საქართველოს მასშტაბით პოტენციურ კანდიდატ სკოლებში ვიზიტით, ადგილზე შეისწავლა სიტუაცია და მოახდინა სკოლების აღწერა.

შედეგების გაანალიზების და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა სკოლების კატეგორიზაციის დებულებები, რომლებიც ძალაში შევიდა, სფფ-ის აღმასკომის მიერ 2018 . ივნისში დამტკიცების შემდეგ და ამოქმედდა 2-წლიანი საპილოტე ციკლი 2018-2019 წლებისთვის. 2020 წლიდან კი კატეგორიზაციის რეგულარული 3-წლიანი ციკლები დაიწყება.

აღნიშნული პროექტის ინიციატორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფინანსურ მხარდაჭერას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ახორციელებს.