სიახლეები

საქართველომ უეფას GROW კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სფფ
გაუზიარე

30-31 ოქტომბერს, მადრიდი უეფას GROW კონფერენციას უმასპინძლა. ესპანეთის დედაქალაქში ორდღიან კონფერენციას უეფას წევრი ქვეყნების ფედერაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. მადრიდში 55 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი ჩავიდა. საქართველო კონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ წარმოადგინეს.

კონფერენციის პირველი დღე უეფას წარმომადგენლებს და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს დაეთმოთ, მათ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საუბრის მთავარი თემა მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო. უეფას GROW პროგრამაში ესპანეთი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი აღნიშნული პროგრამა ესპანეთს როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

უეფას სპეციალურმა წარმომადგენლებმა წევრი ასოციაციების მიმდინარე საქმიანობაზე გაამახვილეს ყურადღება და უეფას GROW პროგრამის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე ასოციაციების მიერ წარმოებული სამუშაოების ეფექტიან საკომუნიკაციო საშუალებებზე.

კონფერენციის ფარგლებში მადრიდში ასევე პანელ-დისკუსია გაიმართა, რომელშიც უეფას GROW პროგრამის ოთხმა გამორჩეულმა ფედერაციამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ საქართველოს, ავსტრიის, შვედეთის და ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები. მთავარი თემა სტრატეგიული გეგმარება იყო, დისკუსიაში აღნიშნული ოთხი ფედერაცია უეფამ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით მიიწვია. პანელ-დისკუსიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მონაწილეობდა. 

შეგახსენებთ,რომ 2017 წლის მარტში, უეფას GROW სამიტს თბილისმა უმასპინძლა და მასში 13 ქვეყანა მონაწილეობდა.