სიახლეები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო!

სფფ
გაუზიარე

8 ნოემბერს, გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა.

საფეხბურთო ცენტრის საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გლდანის რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან და მაჟორიტარი დეპუტატთან, ოთარ გრიგოლიასთან ერთად ჩაუშვეს.

? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თბილისის ყველა უბანში მსგავსი პროექტი გავახორციელოთ. მორიგ ასეთ კომპლექსს გლდანში ვაშენებთ და გარწმუნებთ, რომ მომავალში კიდევ მრავალს ასეთ პროექტს დავაანონსებთ. ეს ინფრასტრუქტურა პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთს მოემსახურება. ჩვენ ამით ადგილზე არსებულ საფეხბურთო სკოლებს საშუალებას ვაძლევთ, რომ სრულიად უსასყიდლოდ გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საფეხბურთო კომპლექსების ასაშენებლად საჭირო თანხა ფიფასა და უეფას სხვადასხვა პროექტებიდან მოვიძიეთ. მოხარულები ვართ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე და თბილისი საკრებულო მხარში უდგას ამ პროექტს.

ვარკეთილში მდებარე ახალი საფეხბურთო კომპლექსი მიმდინარე თვის ბოლოს გაიხსნება. რაც შეეხება გლდანს, მისი დასრულება მომავალ წელს იგეგემება."

მშენებლობის დაწყების ღონისძიებას სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრნენ. 

გლდანის საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში ადგილზე ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, ასევე დამონტაჟდება მოედნის 230 – 250 ლუქსიანი განათება, ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.