სიახლეები

ერთა ლიგა | საქართველო - ბელარუსის წყვილში გამარჯვებული პლეი-ოფის ფინალს უმასპინძლებს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

22 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინაში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დაესწრნენ. 

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, ბელარუსიის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინალურ შეხვედრას 31 მარტს, საკუთარ მოედანზე გამართავს.

ნიონში გამართული წილისყრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა შეაფასეს.

? ვლადიმირ ვაისი: "საინტერესო წილისყრა გამოვიდა, გაგვიმართლა და სასიხარულოა, რომ ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში, გადამწყვეტ მატჩს საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. ნახევარფინალში ადვილი მეტოქე არ გვყავს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მათი ოცნებაცაა და ამიტომ ფინალში გასვლა ადვილი არ იქნება. პირველ რიგში სწორედ ნახევარფინალურ შეხვედრაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ვაჩვენოთ რა შეგვიძლია და როგორი ძლიერი გუნდი გვყავს.

ერთა ლიგაზე ჩვენი გულშემატკივრები შესანიშნავ გარემოს ქმნიდნენ, ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას წინააღმდეგ სტადიონი სავსე იყო და ეს ფაქტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონი მარტშიც გაივსება იმიტომ, რომ ქართველი გულშემატკივარს უდიდესი სურვილი აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და სჯერა ჩვენი ფეხბურთელების, ისევე როგორც მე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად. ეს ადვილი არ იქნება, მოლოდინი ძალიან დიდია და შესაბამისად ფსიქოლოგიური წნეხი იზრდება."

? ალექსანდრე იაშვილი: „ყველა ქვეყანას სურს, რომ ფინალი საკუთარ სტადიონზე, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშოს, აქედან გამომდინარე, ძალიან ვნერვიულობდით. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა და ვხვდებით, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევრო 2020-ზე თამაში. ეს თითოეული ქართველის ოცნება და მიზანია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვკონცენტრირდეთ და იქ წარმატების შემთხვევაში უკვე შეგვეძლება ფინალზე ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ვკონცენტრირდებით ნახევარფინალზე და დიდი იმედით ველოდებით ამ შეხვედრას."

საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში ასპარეზობდა. ვლადიმირ ვაისი გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე გამართული ექვსი შეხვედრიდან, ხუთი მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. დაგროვებული 16 ქულით საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ნახევარფინალური შეხვედრის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას 2020 წლის 26 მარტს ბელარუსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. წარმატების შეთხვევაში ვლადიმირ ვაისის გუნდი 31 მარტს ფინალურ შეხვედრას კვლავ საკუთარ მოედანზე გამართავს და ისტორიული შანსის გამოყენებას შეეცდება.