სიახლეები

უეფამ ასაკობრივი ნაკრებების მატჩები გადადო

სფფ
გაუზიარე

უეფას გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 14 აპრილამდე დაგეგმილი 17 და 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ელიტრაუდის მატჩები, ასევე ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით ტურნირები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო გამოწვეული სამგზავრო შეზღუდვების შედეგად მიიღო.

შეგახსენებთ, საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრები 25-31 მარტს ბელგიაში ელიტრაუნდის მატჩების ჩასატარებლად უნდა ჩასულიყო (მონაწილე ქვეყნები: ბელგია, ინგლისი, რუმინეთი, საქართველო). ამავე პერიოდში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ელიტრაუნდის შეხვედრების გამართვა საფრანგეთში ჰქონდა დაგეგმილი (მონაწილე ქვეყნები: საფრანგეთი, რუსეთი, შოტლანდია, საქართველო). აღნიშნული მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ევრო 2020-ის პლეიოფის შეხვედრებს, მათ შორის, საქართველო - ბელარუსის მატჩს, რომელიც 26 მარტს თბილისში, დინამო არენაზე უნდა გაიმართოს, უეფა პლეიოფის ყველა მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 17 მარტს მიიღებს.

ასევე მომავალ კვირას გახდება ცნობილი, შედგება თუ არა 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები, რომელიც ასევე თვის ბოლოს არის დაგეგმილი. 26 მარტს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თბილისში სლოვაკეთს უნდა დაუპირისპირდეს.

17 მარტს დაგეგმილი ვიდეკონფერენცია, სწორედ ამ თემებს უკავშირდება. ვიდეო კონფერნეციაში უეფას წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

💬 დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი: კორონა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები სპორტზეც აისახა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში ხდება. ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. ფეხბურთის ფედერაციას უეფასთან ჰქონდა კომუნიკაცია, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული მატჩი სწორედ მათი ეგიდით იმართება. ჩვენ თავიდანვე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით იმის, რომ შეხვედრა ჩვენი გულშემატკივრის გარეშე გამართულიყო, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ყველა ქართველისთვის და ქართული ფეხბურთისთვის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვი ევროპაში თამაშობს. გვყავს ისეთი ფეხბურთელები ვინც მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებში ასპარეზობენ და მათი ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოყვანა შეზღუდულია. ჩვენ სწორედ ამ ყველაფრით ვიხელმძღვანელეთ და უეფას დავუფიქისირეთ პოზიცია, რომ მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებას ვეწინააღმდეგებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაა, რომ მატჩი ჩატარდეს ისეთ პერიოდში, როდესაც ფეხბურთელებისთვისა და გულშემატკივრებისთვისაც მასზე დასწრება სრულიად უსაფრთხო იქნება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უეფაში მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლებოდა. დღეის მდგომაორებით, გაუქმებულია ელიტ-რაუნდის ყველა შეხვედრა 19-წლამდე და 17-წლამდე ბიჭებსა და გოგონებს შორის. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდის მატჩების გასამართად ბელგიაში მიემგზავრებოდა, 19-წლამდე ნაკრები კი, საფრანგეთში. ამ ეტაპზე შეხვედრები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

​სამშაბათს, კი უეფას ორგანიზებით დაიგეგმა ონლაინ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყანა მიიღებს. რა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ შეხვედრის ფარგლებშიც დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. მოგეხსენებათ, რომ ამ ონლაინ კონფერენციის ფარგლებში ევრო 2020-ის პლეი-ოფის მატჩებთან ერთად, 21-წლამდე ნაკრებთა შეხვედრების საკითხიც განიხილება. უეფა აქტიურად განიხილავს ევრო 2020-ის ჩატარების შესაძლებლობას და ამ ყველაფრის შესახებ გადაწყვეტილება, სწორედ სამშაბათს გასამართი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.