სიახლეები

13 ივლისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 განახლდება!

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით 13 ივლისიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის სეზონი გაგრძელდება. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგა მესამე ტურის მატჩებით განახლდება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ქობულეთის "შუქურა" და ზუგდიდის "დინამო" დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი 18:00 საათიდან Silk Universal-ის ეთერში იხილავს. 

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-თან ერთად ასევე იგეგმება ლიგა 3-ის განახლება, ტურნირი მეორე ტურის მატჩებით 27 ივლისიდან გაგრძლედება. ლიგა 4, რეგიონული ლიგა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება კი, აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.

​აღნიშნული თემების შესახებ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

💬 "კლუბებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 13 ივლისიდან განახლდება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მსგავსად აღნიშნული ტურნირიც მესამე ტურიდან გაგრძელდება.

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის დანარჩენ ლიგებს, ლიგა 3 27 ივლისიდან განახლდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების დაწყება იგეგმება. ფუტსალის ლიგისა და ქალთა ლიგის შესახებ კი, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ფუტსალის ასოციაციასთან და ქალთა ფეხბურთის ფედერაციასთან.

​ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი განვაახლოთ როგორც პროფესიული ასევე მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით.

​რა თქმა უნდა, ყველა ლიგაში მოხდება ფორმატის ცვლილება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 და ლიგა 3 ოთხი წრის მაგივრად ორ წრედ გაიმართება, ლიგა 4-ში კი, განახლებული ფორმატი გვექნება. ამ ყველაფრის შესახებ რა თქმა უნდა, კლუბები ინფორმირებული იქნებიან. ასევე რეგიონულ ფედერაციებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ფორმატით დაიწყება რეგიონული ლიგა."

🗓 კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარი