სიახლეები

ფუტსალის ლიგა 25 ივლისს განახლდება!

ფუტსალი
გაუზიარე

25 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ლიგა და ლიგა 2 XII ტურით განახლდება. გუნდები წრიულ ეტაპს გააგრძელებენ და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა ორივე ჩემპიონატის დებულებაში, კერძოდ, ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გასტანს, ხოლო ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდები პლეოფში ერთ მოგებამდე იბრძოლებენ. ფუტსალის ლიგის თასი კი წელს არ გათამაშდება.

სეზონის დარჩენილი შეხვედრები შემჭიდროვებულ ვადებში გაიმართება. პლეი-ოფები 5 აგვისტოს დაიწყება. ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული 11 აგვისტოს გამოვლინდება. ფინალში დამარცხებული კი 14 აგვისტოს უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ფუტსალის ლიგის მეხუთეადგილოსანს დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად ფინალური სერიის თამაშები 14 და 17 აგვისტოს გაიმართება. გადამწყვეტი მატჩის საჭიროების შემთხვევაში კი ეს შეხვედრა 19 აგვისტოს არის დაგეგმილი.

ძალაში რჩება პანდემიის პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვა თამაშებზე დასწრებასთან დაკავშირებით და შესაბმისად, ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

თუმცა შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარს საქართველოს ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ის შეხვედრების ხილვა სილქ სპორტის არხებზე კვლავ შეეძლება. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი კი როგორც ფუტსალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე sbm.ge-ზე, ისე ლიგის Facebook და Youtube არხებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

25 ივლისს თბილისის ოლიმპიური სასახლე შემდეგ შეხვედრებს უმასპინძლებს:

ფუტსალის ლიგა:

თბილისი VS მართვე (ქუთაისი)

ილიაუნი VS თსუ

თელასი VS ბსუ

ფუტსალის ლიგა 2:

პსპ VS კსუ

თსუ 2 VS გორი

EU VS UG

ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის კალენდარი სრულად