სიახლეები

ფოთში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა!

სფფ
გაუზიარე

2 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოთის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ფოთის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე სიმბოლური ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს მოყვარულთა თასის გამარჯვებული ფოთის „ჭაბონამა“ და სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ სფფ-ის გუნდი დაუპირისპირდნენ.

საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ტექნიკური ცენტრის გახსნაზე შეკრებილ საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რამდენად ამაყი ვარ ამ პროექტით, რამდენიმე წლის წინ, პირადად ვიმყოფებოდი ამ ადგილზე და ვნახე, თუ რა პირობებში უწევდათ ბავშვებს ფეხბურთის თამაში. თავადვე ნახეთ შემოსასვლელში სტადიონის ძველი ფოტოები. მაშინ საფეხბურთო სკოლის მოსწავლეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდი, რომ აქ ფეხბურთის ფედერაცია მოაწყობდა მოედანს შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ფოთს ექნება ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში აკლდა. ახალი საფეხბურთო ცენტრი, ამ რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ მოყვარულთა და ქალთა კლუბებს შესაძლებლობა ექნებათ ახალ სტადიონზე ითამაშონ. დარწმუნებული ვარ, მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის პირობებში, აუცილებლად გაიზრდება ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობა. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის - განვავითაროთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ ფეხბურთისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ახორციელებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღნიშნული პროექტები სრულად ფინანსდება მოზიდული ინვესტიციებით. ფოთის საფეხბურთო ცენტრი სფფ-ს, უეფას პროგრამა ჰეთ-თრიკისა და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ არაჩვეულებრივ საქმეში ხელშეწყობისთვის.

ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელება და მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის."

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ, ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა მანუჩარ მაჩაიძემ. გამომსვლელებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ფოთელებს ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნა მიულოცეს.

საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, სხვდასხვა თაობის ვეტერანი ფეხბურთელები, ფოთის საფეხბურთო სკოლის მოსწავლეები, ადგილობრივი მოსახლეობა, ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 

პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით, გასახდელებითა და ადმინისტრაციული შენობით.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-ს პროგრამა ჰეთ-თრიქისა და FIFA-ს პროგრამა ფორვარდ-ის თანდაფანინანსებით განხორციელდა.

საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ფოთის საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები. ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.