სიახლეები

უეფას ერთა ლიგა - საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩებისთვის ემზადება

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

უეფას ერთა ლიგის სადებიუტო მატჩებისთვის მზადებას საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში განაგრძობს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 25 ფეხბურთელის შემადგენლობით უკვე სამი დღეა საწვრთნელ პროცესშია ჩართული. 

ერთა ლიგის გათამაშების საწყისი ტურები მთელი ევროპის მასშტაბით მაყურებლის გარეშე ჩატარდება. აღნიშნულ თემაზე და ეროვნული ნაკრების წლის სადებიუტო მატჩებზე ნიკა კვეკვესკირმა ვარჯიშის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

? ნიკა კვეკვესკირი: „საფეხბურთო სამყაროში ძალიან დიდი იძულებითი სანაკრებო პაუზა იყო. ამ დღეს ყველა დიდხანს ველოდით, ნამდვილად იდეალური ატმოსფეროა ნაკრებში, ფეხბურთელების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყანაში ვთამაშობთ და მხოლოდ დისტანციურად გვიწევდა ერთმანეთთან კონტაქტი, რაც ნამდვილად უჩვეულო იყო. ყველას ძალიან მოგვენატრა სანაკრებო გარემო და რაც მთავარია ერთად თამაში. ერთა ლიგის პირველი გათამაშების შემდეგ, სულ სხვა მოლოდინი იყო 2020 წელთან დაკავშირებით, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ მაინც ოპიტიმისტურად ვართ განწყობილი და დიდი მოლოდინი გვაქვს. დღეს, ნაკრების თითოეული წევრი კარგი განყობით არის ვარჯიშზე და ვეცდებით, რომ ეს ხასიათი თამაშზე ავსახოთ, შესაბამისად ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ უახლოესი ორი შეხვედრა.

რაც შეეხება ერთა ლიგის ახალ გათამაშებას, ეს არის ახალი ტურნირი, ახალი ციკლი შესაძლებლობების გამოსავლენად. განწყობა უცვლელია, გვსურს რომ წარმატებისთვის ვიბრძოლოთ ამ ჯგუფშიც.

მთელ საფეხბურთო სამყაროში ბევრი სიახლეა როგორც  საორგანიზაციო კუთხით, ისე შეზღუდვების მხრივ. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ცარიელ დინამო არენაზე მოგვიწვედა სანაკრებო თამაშის ჩატარება. ჩვენ მაყურებელს ნამდვილად განებივრებული ვყავართ, ყოველთვის ანშლაგია სანაკრებო თამაშებზე და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა ფეხბურთელისთვის. უმაყურებლო ტრიბუნა უდიდესი დანაკლისი იქნება საშინაო თამაშზე. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ვგრძნობთ გულშემატკივრის გვერდში დგომას და მხარდაჭერას, დარწმუნებული ვარ, ყველა მოუთმენლად ელოდება ნაკრების როგორც გასვლით, ასევე საშინაო თამაშებს.

ამ რეალობაში მყოფი ადამიანებისთვის ნებისმიერი სანაკრებო წარმატება, ვიცით, რომ დიდი სტიმული იქნება, ამიტომ ჩვენ მაქსიმალური შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ“.

ტალინში გამგზავრებამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრები კიდევ ერთ ვარჯიშს ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების პირველი და მეორე ტურის კალენდარი:

5 სექტემბერი, 20:00 საათი
ესტონეთი - საქართველო   
8 სექტემბერი, 20:00 საათი
საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია

უეფას ერთა ლიგის ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.