სიახლეები

ერთა ლიგის მეორე გათამაშებას ტალინში მატჩით ვიწყებთ

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეორე გათამაშებას ტალინში დაგეგმილი მატჩით იწყებს. თბილისში გამართული ოთხდღიანი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს დილით გაემგზავრა. რამდენიმე საათში კი ქართველმა ფეხბურთელებმა წლის სადებიუტო მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ა ლე კოქ არენაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ვარჯიშის დაწყებამდე კი ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისმა და თორნიკე ოქრიაშვილმა უპასუხეს.

? ვლადიმირ ვაისი: „რთულია ვივარაუდოთ, თუ როგორი იქნება ხვალინდელი შეხვედრა. ჩვენ გუნდს ბევრი მოთამაშე აკლია. ასევე ვიცით, რომ ესტონეთსაც აქვს დანაკლისი. ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა და ყოველთვის მნიშვნელოვანია კარგად დაწყება. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება. ყველამ იცის, რომ ხუთი წლის წინ ნაკრებმა აქ წააგო. შემდეგ საქართველოში ამხანაგური თამაში მოვუგეთ ესტონეთს. მაყურებლის გარეშე კი მატჩების ჩატარება ნამდვილად რთულია.

რაც შეეხება ბელარუსთან მატჩს, ჩვენ ვეცდებით, კარგი თამაში და შედეგი ვაჩვენოთ. მაგრამ ამ დროისთვის ოთხივე ნაკრებს - საქართველოს, ბელარუსს, ჩრდილოეთ მაკედონიას და კოსოვოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თანაბარი 25 პროცენტიანი შანსი აქვს. ყველაფერს მომდევნო თვეებში ვნახავთ.

ახლა მნიშვნელოვანი ხვალინდელი თამაშია - იწყება ერთა ლიგის ახალი გათამაშება, სადაც გუნდებს აქვთ ახალი შესაძლებლობა, იბრძოლონ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის. ესტონეთთან თამაში არ არის პლეიოფის მოსამზადებელი მატჩი, მაგრამ საინტერესოა, როგორ ითამაშებენ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები და როგორ მოემზადა გუნდი მატჩისთვის. მითუმეტეს, ბევრი ფეხბურთელი პანდემიის გამო დიდი ხნის განმავლობაში არ თამაშობდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები მზად არიან და კარგ თამაშს შემოგვთავაზებენ.

? თორნიკე ოქრიაშვილი: „პირველ რიგში, ყველას მოგვენატრა ნაკრებში ასპარეზობა. რა თქმა უნდა, რთულია მაყურებლის გარეშე ფეხბურთის თამაში. თუმცა, კარგი მოლოდინი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ განვიხილეთ ესტონეთის თამაშები, შევაფასეთ როგორც ძლიერი ისე სუსტი მხარეები, მაგრამ დღეს ამაზე არ ვისაუბრებ და ყველაფერი შეხვედრაზე გამოჩნდება.“ 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით ერთა ლიგის ყველა შეხვედრა მიმდინარე თვეში მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფის პირველი ტურის კალენდარი

5 სექტემბერი ესტონეთი - საქართველო 20:00 - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე 
5 სექტემბერი ჩრდილოეთ მაკედონია - სომხეთი 17:00 

ესტონეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით თბილიში დაბრუნდება. ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი 8 სექტემბერს, დინამო არენაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.