სიახლეები

უეფას ვიდეო კონფერენცია

გაუზიარე

16 სექტემბერს, უეფას ორგანიზებით, ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 55 წევრმა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა. ვიდეო კონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა წარმოადგინეს.

შეხვედრის მთვარი თემა ბუდაპეშტში გასამართი უეფა-ს სუპერთასის მატჩი გახლდათ. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მონაწილეებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილა ის პროტოკოლი, რომელიც აღნიშნულ მატჩზე იმოქმედებს. შეგახსენებთ,რომ პანდემიის შემდეგ უეფას ორგანიზებით ეს იქნება პირველი საფეხბურთო თამაში, რომელზეც გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.

ამას გარდა, შეხვედრისას უკვე დასრულებული საკლუბო ტურნირები და სექტემბრის თვეში გამართული სანაკრებო თამაშები შეაჯამეს. რაც შეეხება ოქტომბრის თვეში დაგეგმილ სანაკრებო თამაშებს, მათ შორის, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის მატჩის პროტოკოლს, ამის თაობაზე უეფა მომდევნო კომუნიკაციის დროს იმსჯელებს.

ზემო აღნიშნულ საკითხებთან ერთად ვიდეო კონფერენციის ფარგლებში უეფას წარმომადგენლებმა ორგანიზაციის წევრ ასოციაციებს აღმასრუელებელი კომიტეტის გადაწყვეტილებები გააცნეს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მატჩები 2020 წლის ოქტომბრის ნაცვლად ნოემბერში გაიმართა. ცვლილებები ასევე შეეხო ფუტსალისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს. საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ რაუნდში მინი-ტურნირებს ერთმატჩიანი დაპირისპირებები ჩაანაცვლებს.

2020-2021 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 3-4 ნოემბერს დაიგეგმა და მასში მონაწილეობას 40 გუნდი მიიღებს. გამარჯვებული 20 გუნდი კი, ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებეს, რომელიც 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ფუტსალის ჩემპიონთა ლიგას, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით საკლვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ რაუნდს, მეინ რაუნდს და ელიტ რაუნდს ერთმატჩიანი დაპირისპირებები ჩაანაცვლებს. აღნიშნული ფორმატით ტურნირის პირველი ეტაპი ნოემბერშია დაგეგმილი. გუნდები, რომლებიც ამ ეტაპს დაძლევენ ასპარეზობას 1/32 ფინალში გააგრძელებენ, რომელიც იანვარში გაიმართება. 1/16 ფინალი კი, თებერვალშია დაგეგმილი.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ასევე შეცვალა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის ფორმატი. ოთხი საუკეთესო გუნდის ნაცვლად 2020-2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის რვა გუნდი იბრძოლებს. შეხვედრები 2021 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს დაგეგმილია ფიფას 70-ე კონგრესი, რომელიც 18 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში პირველად გაიმართება.