სიახლეები

საქართველოს თასზე მერვედფინალური ეტაპის მორიგი შეხვედრები გაიმართა

საქართველოს თასი
გაუზიარე

20 სექტემბერს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის სამი შეხვედრა გაიმართა.

თბილისის "სპაერის" სტადიონზე ლიგა 3-ის წარმომადგენელმა "თბილისის სიტიმ" კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში მოთამაშე "სამტრედიას" უმასპინძლა. შეკრებილმა გულშემატკივარმა საიტნერესო დაპირისპირება იხილა. თბილისელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველი ნახევარი ანგარიშით - 3:0 მოიგეს. ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-5 წუთზე სამტრედიელთა კარი ბექა ხოჯანაშვილმა აიღო. გატანილი გოლიდან 11 წუთში ხოჯანაშვილმა მეორე შედეგიანი დარტყმა განახორციელა და დუბლი გაიფორმა. მესამე გოლის გატანა "თბილისი სიტიმ" ტაიმის მიწურულს მოახერხა, 41-ე წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი იერიში გოლით კობა ქებურიამ დაასრულა. მეორე ნახევარში "სამტრედიამ" თამაშის სცენარის შეცვლა შეძლო და უპირატესობას დაეუფლა. 49-ე წუთზე დიეგო დისმა ანგარიშში სხვაობა ორამდე შეამცირა. 65-ე წუთზე კი, დავით თარგამაძემ სიტის მეორე გოლი გაუტანა. დარჩენილ დროში სამტრედიელებს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა, "თბილისი სიტიმ" "სამტრედია" ანგარიშით - 3:2 დაამრცხა და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

დამაჯერებლად მოიგო საკუთარი შეხვედრა ქუთაისის "ტორპედომ". ქუთაისელები სტუმრად ქედის "ბეთლემს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი გიორგი ფანცულაიამ შეასრულა, თითო გოლი კი, ზაზა ციცქიშვილისა და ანდრო გიორგაძის ანგარიშზეა. ქედელთა მხრიდან პრესტიჟის გოლის გატანა 89-ე წუთზე რეზო მაისაიამ მოახერხა.

დღევანდელი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა თელავში გაიმართა. "კავკასიონი არენაზე" ადგილობრივმა "თელავმა" თბილისის "მერანს" უმასპინძლა. მატჩი თელაველთა გამარჯვებით, ანგარიშით - 2:0 დასრულდა. რევაზ გოცირიძის გუნდმა ორივე გოლის გატანა პირველ ნახევარში მოახერხა. მე-15 წუთზე მეტოქის კარი ანტონ თოლორდავამ აიღო. 21-ე წუთზე კი, 11-მეტრიანი ზუსტად ირაკლი რუხაძემ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

​დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი მატჩები 21 სექტემბერს გაიმართება. ჩატარებული და მომავალი მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

© ფოტო: საფეხბურთო კლუბი ტორპედო