სიახლეები

უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული დასრულდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს ესტუმრნენ.

​ორივე ლოკაციაზე სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სტადიონები განახლდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოედანი და ყველა ის დეტალი, რომელიც სპორტული მოედნის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვისა არის აუცილებელი. განახლებულ მოედნებზე ამხანაგური მატჩები გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი ხეთას და საჩინოს სამოყვარულო ფეხბურთის გუნდებს დაუპირისპირდა.

​საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სამოყვარულო ფეხბურთის გუნდების განვითარების ახალ პროექტს იწყებს, რომლის მთავარი მიზანი სამოყვარულო კლუბების განვითარების ხელშეწყობაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სოფელ ხეთას სამოყვარულო ფეხბურთის გუნდს საფეხბურთო ინვენტარი და ფორმები გადასცა. ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაცია სამოყვარულო კლუბს ადგილობრივ დონეზე განვითარებაში სხვადასხვა აქტივობებით დაეხმარება.

ხეთასა და საჩინოში გამართულ აქტივობებში მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავამ მიიღეს.

საჩინოს განახლებულ სტადიონზე ამხანაგურ მატჩთან ერთად ღია სახალისო საფეხბურთო სკოლის ღონისძიებაც გაიმართა. სახალისო საფეხბურთო ვარჯიშებში 60-მდე ადგილობრივმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

​აღნიშნული ღონისძიებებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაასრულა. შეგახსენებთ, რომ კვირეულის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.