სიახლეები

ნიკეს მორიგი 3 ქულა, გორელი ეთერ სულაშვილის 10 და ქუთაისელი ლანა გორგაძის 8 გოლი

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

ქალთა ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, თბილისის „ნიკე“, კვლავ დაუმარცხებლად აგრძელებს ასპარეზობას. გათამაშების მე-9 ტურში, „ნიკემ“, „ნორჩი დინამო“ დაამარცხა ანგარიშით 5:1 და სატურნირო ცხრილის სათავეში, კვლავ მაქსიმალური ქულების რაოდენობით უდგას.

მიმდინარე ჩემპიონატში რეკორდული ანგარიშით 20:1, „მართვემ“ გათამაშების დებიუტანტი „თუშეთი“ დაამარცხა. ქუთაისელმა ლანა გორგაძემ, რომელიც ოპერაციის და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, წელს დაუბრუნდა აქტიურ ფეხბურთს, 8 გოლი გაიტანა. „მართვეს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, იმერელთა ამერიკელი ლეგიონერის ლაურა ლებერის ანგარიშზე კი, 6 გოლია.

მორგი 3 ქულა ჩაიწერა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე, „ბათუმი“, ანგარიშით 6:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში 3 გოლის გატანა ხატია ჭყონიამ მოახერხა.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა შეხვედრა ხობში, სადაც „კოლხეთმა“, „ზარზმას“ მოიგო.

გასვლაზე მოიგეს ამ ტურის მატჩი ხაშურელებმაც. „ივერიამ“, ჩხოროწყუში „სამეგრელო“ 5:2 დაამარცხა.

ამ ტურში, კიდევ ერთ შეხვედრაში დაფიქსირდა ორციფრიანი ანგარიში. „გორი იუნაიტედმა“ 12:0 დაამარცხა გათამაშების დებიუტანტი „მცხეთა“. მცხეთელების კარში 10 გოლი, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრმა, ეთერ სულაშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ერთ მატჩში, საქართველოს ქალთა ჩემპიონატებში, რომელიც არ უჩივის უხვგოლიანობას, მსგავსი შედეგი პირველად დაფიქსირდა.

მე-9 ტურის ბოლო მატჩი, თბილისში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ჩატარდა. ერთანეთს, ქალთა ლიგის დებიუტანტი გუნდები „კვარტალი“ და სოხუმის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით - 5:0 დასრულდა. 

ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშების მომდევნო, მე-10 ტური, 7 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

გათამაშების ცხრილი იხილეთ ბმულზე.