სიახლეები

​ერთა ლიგა | ჩრდ. მაკედონია 1:1 საქართველო

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. სკოპიეში, ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე, გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

​უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა. 75-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგზე ხვიჩა კვარაცხელია ორ მეტოქეს ტექნიკური მოძრაობით გასცდა და ახლო მანძილიდან ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა მატჩის მიწურულს მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს. დამატებულ მესამე წუთზე პენალტი ზუსტად ეზგიან ალიოსკიმ შეასრულა.

პარალელურად მიმდინარე ჯგუფის მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ესტონეთისა და სომხეთის ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებოდნენ, ასევე ფრედ - 1:1 დასრულდა. ოთხი ტურის შემდეგ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ლიდერობენ. 

მატჩის დასრულების შემდეგ განვლილი შეხვედრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და სადებიუტო გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეაფასეს:

? ვლადიმირ ვაისი: "ბედნიერი ვერ ვიქნები, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიამ ბოლოს 10 ფეხბურთელით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ვთვლი, რომ პენალტის ეპიზოდში დარღვევა არ ყოფილა. ჩვენი შეცდომა ისაა, რომ მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც მატჩს ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებდით. ძალიან ემოციური მატჩი გამოდგა და სამწუხაროდ, ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ.

ერთ თვეში კვლავ დავუპირისპირდებით ერთმანეთს, ამჯერად ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. დღევანდელი ფრედ დასრულებული შედეგით ჯგუფში ლიდერობის კარგი შანსი გავუშვით ხელიდან. თუმცა არაუშავს, წინ ერთი თვე გვაქვს იმისთვის, რომ ნოემბრის მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ.

დღეს ჩრდილოეთ მაკედონიამ რამდენიმე ლიდერის გარეშე ითამაშა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჩვენც დაგვაკლდა.

მატჩის სტარტზე კიტეიშვილის შეცვლა მოგვიწია. ამ ცვლილებამ ჩვენი გეგმები ნაწილობრივ შეცვალა.

ვნახოთ, რა იქნება ერთ თვეში, შანსები 50/50-ზეა. ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ჯერ უცნობია დაესწრება თუ არა გულშემატკივარი ამ შეხვედრას. მოედანზე ორივე მხრიდან 11 ფეხბურთელი გამოვა და ვნახოთ, ვინ იქნება ბედნიერი 12 ნოემბერს."

? ხვიჩა კვარაცხელია: მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით, როდესაც ნაკრებში იტან გოლს ეს ალბათ ყველაზე დიდი სიხარულია. ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც  შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება.

​ჩრდ. მაკედონია 1:1 საქართველო

ტოდორ პროესკი, სკოპიე

​ჩრდ. მაკედონია: დიმიტრევსკი, ალიოსკი, კოსტადინოვი (89' მიცევსკი), ნესტოროვსკი (71' სისკოვსი), ნიკოლოვი (88' ტოტრე), პანდევი, რისტევსკი (80' სტოიანოვსკი), რისტოვსკი, ტრიცკოვსკი (80' ველკოსკი), ველკოვსკი, ზაიკოვი

​სათადარიგო შემადგენლობა: ბოზინოვსკი, დორიევი, კიტანოვსკი, სპიროვსკი, ტრაიკოვსკი

​მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი

​საქართველო: ლორია, დაუშვილი (71' კვარაცხელია), დვალი (90' ნავალოვსკი), გვილია, ჯიღაური, კიტეიშვილი (7' ლობჟანიძე), კვეკვესკირი (71' კაჭარავა), ქვილითაია, კვერკველია, ყაზაიშვილი (90' კობახიძე), ტაბიძე

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, გრიგალავა, ლობჯანიძე, მალი, შენგელია

​მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

​მსაჯები: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი), იაკუბ ვინკლერი (პოლონეთი), მარეკ არისი (პოლონეთი), ტომაშ კვიატოვსკი (პოლონეთი)

​გაფრთხილება: 51' ქვილითაია, 66' დაუშვილი, 86' ალიოსკი

​გაძევება: 68' დიმიტრევსკი

გოლები: 0:1 კვარაცხელია (75), 1:1 ალიოსკი (პენ.) (90+3)

​საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას თბილისში გამართავს. 12 ნოემბერს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" კვლავ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.