სიახლეები

საქართველოს თასის ფინალი | სამგურალი - გაგრა

საქართველოს თასი
გაუზიარე

8 ნოემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

​სფფ-ის ტექნიკური ცენტრ "ბასაზე" "გაგრამ" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, თუმცა ძირითადი და დამატებითი დროები გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გაგრელები 32-ე წუთიდან 10 კაცის შემადგენლობით ასპარეზობდნენ, მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ლუკა ჯაფარიძე გააძევა. საბოლოოდ ფინალში გამსვლელი გუნდი პენალტების სერიით გამოვლინდა. 11-მეტრიანები უფრო ზუსტად "გაგრამ" შეასრულა და მეტოქე ანგარიშით - 4:2 დაამარცხა.

​მეორე ნახევარფინალური შეხვედრა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ადგილობრივი "სამგურალი" საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდა და ანგარიშით - 2:0 გაიმარჯვა. ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა, მეტოქის საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით პაპუნა ფონიავამ ისარგებლა და მეტოქის კარი ახლო მანძილიდან აიღო. მასპინძლებმა საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს დააფიქსირეს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გოლი სერგო კუხიანიძე გაიტანა.

​ნახევარფინალებში დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, 2020 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს წყალტუბოს "სამგურალი" და "გაგრა" დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ​ჩატარებული და მომავალი მატჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.