სიახლეები

საქართველო - ჩრდ.მაკედონია | თბილისში ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი გაირკვევა

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 12 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ შეხვედრას თბილისში გამართავს. დინამო არენაზე წლის მთავარი საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ეროვნულმა ნაკრებმა 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი დინამო არენაზე ერთი საათი გაგრძელდა.

ვარჯიშის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა და ეროვნული ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს. საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრას კორონა ვირუსის გამო ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია გამოაკლდნენ.

ვლადიმირ ვაისი: "მოგება გვსურს და დიდი იმედი მაქვს, რომ მატჩის შემდეგ ყველა ბედნიერი იქნება."

? ვლადიმირ ვაისი: ხვალ ქართული ფეხბურთისთვის და ამ თაობისთვის დიდი მატჩია. იმედი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ყველა გავახაროთ და ჩვენი ხუთ წლიანი მუშაობის მთავარი მატჩი წარმატებით დავასრულოთ. მოგება გვსურს და დიდი იმედი მაქვს, რომ მატჩის შემდეგ ყველა ბედნიერი იქნება.

ანალოგიური განწყობით ემზადება ჩრდილოეთ მაკედონიაც. შემადგენლობის მხრივ გარკვეული პრობლემები ორივე გუნდს აქვს. წინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ ჩვენი ყველაზე საშიში მეტოქე კორონავირუსია, სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობა გვაქვს.

კვარაცხელიას და შენგელიას გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ სხვა კარგი ფეხბურთელები გვყავს, ვინც მათ შეცვლის და ყველაფერს გააკეთებს ხვალინდელ შეხვედრაში წარმატებისთვის. ჩვენ გყვავს მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც ხვალ მოედანზე გამოვლენ და მთელი გულით შეეცდებიან, რომ ეს მატჩი მოიგონ.

ეს თამაში არ იქნება მხოლოდ ტაქტიკური ან ტექნიკური დაპირისპირება, ვფიქრობ, რომ ამ შემთხევაში დადებითი შედეგის საჩვენებლად კომპლექსურად ყველაფერი დაგვჭირდება. რა თქმა უნდა, სწორი ტაქტიკური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორი ემოციით ვითამაშებთ, როგორ ვირბენთ და როგორ ვიბრძოლებთ თითოეული მომენტისთვის.

ამ ყველაფერთან ერთად საჭიროა, რომ შეტევაში მაღალ დონეზე ვითამაშოთ, ჩრდილოეთ მაკედონიაზე ერთით მეტი გოლი უნდა გავიტანოთ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველა ძალიან ბედნიერი ვიქნებით.

ჩრდილოეთ მაკედონიას ორჯერ დავუპირისპირდით, ორივე შემთხვევაში სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზით ითამაშა მეტოქემ. ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. ხვალ ემოციურ თამაშს ველოდები ორივე მხრიდან, რადგან ეს ფინალია."

ნიკა კვეკვესკირი: "შინაგანად ყველას ცეცხლი გვკიდია და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ეს მატჩი."

? ნიკა კვეკვესკირი: "ეს ყველას ოცნების მატჩია და გუნდში განწყობაც შესაბამისია. ყველანი მონდომებული ვართ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ერთად ვიზეიმოთ. ის სიახლე, რომელიც დღეს გავრცელდა, ჩვენ ცოტა ადრე გავიგეთ და საკმაოდ მძიმე იყო იმის ხილვა, როდესაც შენს მეგობარს ოცნების თამაშს ართმევენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს არა რაიმე საფეხბურთო ნიუანსის გამო ხდება არამედ კორონა ვირუსის გამო. სამწუხაროდ, ეს ვირუსი 2020 წელს ბევრი ადამიანის უბედურების და წარუმატებლობის მიზეზი გახდა.

ამ ბიჭების გარდა, დანაკლისი კიდევ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ამ ყველაფრისგან ტრაგედია არ შევქმნათ. თითოეული ჩვენგანი პროფესიონალი ფეხბურთელია. შესაბამისად, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მსგავს შეხვედრას შესაძლოა დანაკლისით შევხვედროდით და ამ ყველაფრისთვის მზად ვართ.

ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ვლადიმირ ვაისის ფორმაციის საქართველოს ნაკრების ძირითადი უპირატესობა გუნდურობა და გუნდური ფეხბურთია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხვალაც გამომავლინოთ.

მხოლოდ ორი ფეხბურთელი არ გვაკლია, ვფიქრობ, ყველა იმ ფეხბურთელის დანაკლისი მნიშვნელოვანია, რომლებმაც მცირე წვლილი მაინც შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ ეტაპზეა. ასეთები არიან, ოთარ კიტეიშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე და სხვები, რომლებმად 2018 წელს ერთა ლიგაზე ერთი წუთი მაინც ითამაშეს. რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც გაკლდება კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, შენგელია და კვარაცხელია. ეს ყველაფერი გუნდის შეტევით პოტენციალს ამცირებს, თუმცა ამის კონპენსირება გუნდური თამაშით, სწორი ტაქტიკით, სწორი მიდგომით და კარგი ფსიქოლოგიური განწყობით უნდა მოვახდინოთ. მჯერა, რომ ჩვენს ნაკრებს ამის გაკეთება შეუძლია.

გულშემატკივარს სურს, რომ ხვალ სტადიონზე დავამტკიცოთ ის ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ და ვანახოთ ის შემართება, რომელიც თითოეული ჩვენგანის შიგნით არის. ყველას ცეცხლი გვკიდია და ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ეს მატჩი. ფეხბურთელი თამაშის წინ ყოველთვის ნერვიულობს, მითუმეტეს, როდესაც ასეთ თამაშზეა საუბარი. თუმცა მოედანზე გასვლისა და მსაჯის სასტვენის შემდეგ ეს ნერვიულობა ქრება.

გულშემატკივრებს მადლობა მინდა გადავუხადო, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ასე დისტანციურად სოციალური ქსელების საშუალებით ავლენენ. ასევე მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს ვინც ბელარუსთან თამაშის წინ სტადიონთან ძალიან ემოციური დახვედრა მოგვიწყო. ეს ყველაფერი ბიჭებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო. რა თქმა უნდა, გულშემატკივარი ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო სიხარულისგან დაინგრეს."

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

საქართველო - ჩრდილეთ მაკედონიის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო - ჩრდ. მაკედონია | მატჩისწინა პრესკონფერენცია
საქართველო - ჩრდ. მაკედონია | მატჩისწინა ბოლო ვარჯიში