სიახლეები

ერთა ლიგა | საქართველო - ესტონეთი დინამო არენაზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ბოლო შეხვედრას დინამო არენაზე გამართავს. 18 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდებიან. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეექვსე შეხვედრას ჩაატარებს. 

საქართველოს ნაკრებმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 27 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშამდე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ სვანაძემ და ნიკა კვეკვესკირმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

რამაზ სვანაძე: "ჩემი და ჩემი შტაბისს მთავარი ამოცანა არის, რომ ის ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც დღეს არის, რაც შეიძლება მალე, იმ მოკლე ვადაში, რაც ჩვენ გვაქვს, გაუმჯობესდეს."

? რამაზ სვანაძე: "მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ნდობის მანდატი მომანიჭა. დღეს ჩემი და ჩემი სტაფის მთავარი ამოცანა არის, რომ ის ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც დღეს არის, რაც შეიძლება მალე, იმ მოკლე ვადაში, რაც ჩვენ გვაქვს, გაუმჯობესდეს, განწყობა ამაღლდეს და ხალისი დაბრუნდეს. მერწმუნეთ, რომ ფეხბურთელებზე მეტად, არავის არ უნდოდა ის, რომ ევროპაზე გვეთამაშა და მოგვეგო ყველა თამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს.

მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ფეხბურთი - არსებობს როგორც დამარცხებული, ისე გამარჯვებული მხარე. ამ შემთხვევაში, ჩემი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ფეხბურთელებამდე მივიტანო ის, რომ წარსულით ცხოვრება არაფერს კარგს არ მოგვიტანს. ეს ყველაფერი უკვე ჩავლილი თემაა. ამიტომ მხოლოდ წინ უნდა გავიხედოთ და მჯერა, რომ ეს ყველაფერი ხვალ მინდორზე გამოჩნდება."

ნიკა კვეკვესკირი: "იმედები გაგიცრუეთ არამარტო თქვენ, არამედ საკუთარ თავს და ჩვენი ოჯახის წევრებს. მაგრამ ეს მოლოდინებიც ამ ფეხბურთელების დამსახურებაა და ზუსტად ეს ფეხბურთელები ეცდებიან, რომ ეს იმედები თავიდან გაჩნდეს და გამართლდეს."

? ნიკა კვეკვესკირი: "პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყოფილ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს, იმიტომ რომ მართლა დიდი სამუშაო იქნა გაწეული ამ ხუთი წლის განმავლობაში. ფეხბურთელები ბოლომდე ვიზიარებთ ჩვენ პასუხისმგებლობას და არსად არ გაგვიშვერია ხელი, იმიტომ რომ ფაქტია, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა ჩვენ ფეხბურთს და ჩვენ გულშემატკივარს. გულშემატკივარს, რომელმაც არნახული დახვედრა მოგვიწყო. უამრავი გამამხნევებელი შეტყობინება მივიღე და ძალიან ამაყი და პასუხისმგებლობით სავსე ვიყავით მეც და თითოეული ჩემი თანაგუნდელი. ასეთი მხარდაჭერა მართლა არასდროს გვიგრძვნია. ჩვენი გულშემატკივარი იმიტომაც იმსახურებდა ამ გამარჯვებას, რომ ამ წაგების შემდეგაც, სომხეთთან თამაშის წინ მოგვიწყვეს დახვედრა.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ყველანარიად იმსახურებს იმას, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები არ იყოს ამ მდგომარეობაში და ვიყოთ სულ სხვა რეალობაში. მაგრამ ფაქტი არის ის, რაც მოხდა და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ გულშემატკივარს. ვიცით, რომ იმედები გაგიცრუეთ. იმედები გაგიცრუეთ არამარტო თქვენ, არამედ საკუთარ თავს და ჩვენი ოჯახის წევრებს. მაგრამ ეს მოლოდინებიც ამ ფეხბურთელების დამსახურებაა და ზუსტად ეს ფეხბურთელები ეცდებიან, რომ ეს იმედები თავიდან გაჩნდეს და გამართლდეს."

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

საქართველოსა და ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 18 ნოემბერს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.