სიახლეები

ერთა ლიგა | საქართველო 0:0 ესტონეთი

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020/21 წლის სეზონის უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესტონეთს დაუპირისპირდა. "დინამო არენაზე" გამართული მატჩი ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და გატანილი გოლების გარეშე ფრედ - 0:0 დასრულდა. მთელი მატჩის განმავლობაში სათამაშო უპირატესობას ქართველი ფეხბურთელები ფლობდნენ, მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შეიქმნა, თუმცა გოლი არ გასულა.

ესტონეთთან ჩატარებული მატჩი პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ სვანაძემ შეაფასა:

? რამაზ სვანაძე: "რა თქმა უნდა, ესტონეთთან საკუთარ მოედანზე ნათამაშები შედეგით მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობდით, არც მე და არც გუნდი კმაყოფილები არ ვართ და არც უნდა ვიყოთ. მატჩის მიმდინარეობას სრულად ვაკონტროლებდით და უპირატესობა ჩვენი იყო, რაც დაგვაკლდა ეს იყო ხარისხი შეტევაში, განსაკუთრებით დამამთავრებელ ფაზაში.

ძალიან რთული შეკრება გამოვიდა, სამწუხაროდ დაიმსხვრა ჩვენი ოცნება და ფეხბურთელებთან ერთად, ჩვენ ყველანი სტრესულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მაგრამ პირველ პრესკონფერენციაზეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არავისთვის სასარგებლო არაა უკან ყურება, ახლა მთავარია წინ ვიყუროთ. რაც ზუსტად ვიცი არის ის, რომ ამ გუნდს პერსპექტივა აქვს, იმედი მაქვს, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და ოცნებას ყველანი ერთად ავიხდენთ."

განვილილი შეხვედრების შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ისაუბრეს: 

გურამ კაშია: "რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა."

? გურამ კაშია: "საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ და  ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები. მაქსიმუმი გავაკეთეთ მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება, იმიტომ რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში.

დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ, სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად ეს თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა."

საბა ლობჟანიძე: "მარტისთვის უნდა მოვემზადოთ და დავიწყოთ ახალი ეტაპი, ახალი იმედით."

? საბა ლობჟანიძე: "სამწუხაროდ,  ვერ მოვიგეთ, გვინდოდა ძალიან მოგება, მაგრამ არ წავიდა ისე თამაში, როგორც ჩვენ გვინდოდა. ნაწყენი ვარ, რომ ვერ ვითამაშე ისე, როგორც მინდოდა, ემოციები, რომელიც წინა თამაშებიდან გვქონდა, ალბათ ვერ გადავლახეთ. მარტისთვის უნდა მოვემზადოთ და დავიწყოთ ახალი ეტაპი, ახალი იმედით."

საქართველო 0:0 ესტონეთი

თბილისი, "დინამო არენა"

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა (46' გრიგალავა), კაშია, ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ლობჟანიძე (85' მიქელთაძე), ყაზაიშვილი, დავითაშვილი (66' პაპუნაშვილი), კაჭარავა (79' ლობჯანიძე)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, აბურჯანია, დაუშვილი, დვალი, გვილია, კვერკველია, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

ესტონეთი: ჰეინი, პიკი, კუუსკი, ტამი, ტენისტე (81' ლილანდერი), კრეიდა, სოომეტსი (79' მილერი), სინიავსკი (86' ლიივაკი), ვასილიევი, ზენიოვი (79' მარინი), საპინენი (86' ანიერი)

სათადარიგო შემადგენლობა: იგონენი, მეერიტსი, აინსალუ, იარველაიდი, პურგი, სორგა, ტური

მთავარი მწვრთნელი: კარელ ვოლაიდი

მსაჯები: ირფან პელიტო (ბოსნია-ჰერცეგოვინა), სენად იბრისიმბეგოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), დავორ ბელიო (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ადმირ სეჰოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)

გაფრთხილება: კრეიდა (44), კუუსკი (45+2), სოომეტსი (60), კაშია (88)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთის წინააღმდეგ გამართული მატჩით უეფას ერთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა. С დივიზიონის მეორე ჯგუფში გამართულ ექვს შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა შვიდი ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო სეზონს 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით განაახლებს. მუნდიალის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 7 დეკემბერს არის ჩანიშნული.